გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ბერშუეთსა და ვარიანში მოხუცებს შინმოვლის სერვისები მიეწოდებათ.
პროექტს „მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
“პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას”, – ამბობენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტში შინმოვლის სერვისისა და ღირსეული დაბერების საკითხებთან, შინმოვლის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებასთან, ბენეფიციარების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, გორში პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, საკრებულოსა და მერიის, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.