ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა საოკუპაციო ძალები მიერ, გამყოფ ხაზთან მდებრე სოფელ კირბალში, ახალი საგუშაგოს მშენებლობის შესახებ წერს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს მიიტაცებენ.
“სოფელ კირბალის მახლობლად, ორკების საგუშაგოს მშენებლობა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. ბოლო დროს ჩვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. “საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის” პროცესს დააჩქარებს და ამისთვის ახალ, 1922 წლის რუკას გამოიყენებს, ხელისუფლებამ სავარაუდოდ ჩვეულებისამებრ დააიგნორა. არანაირი რეაგირება, არანაირი მზაობა ან კონტრ-ზომების დაანონსება”, -ამბობს ქაცარავა.
მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი აპირებს, რომ ახალი ტერიტორიების მისატაცებლად 1922 წლის რუკას გამოიყენებს.
“ჩვენმა პატრულირებამ დღეს ერთი ასეთი სამხილი მოიპოვა, რომელსაც უახლოეს პერიოდში გავასაჯაროვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – საოკუპაციო რეჟიმი ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და სავარაუდოდ ახალ ტერიტორიებს მიიტაცებს, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა”, – წერს დავით ქაცარავა.