ახალი ამბები

დავით რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარე მესამედ გახდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ დავით რაზმაძე აირჩიეს.

პროცედურულად, საკრებულოს სხდომაზე ჯერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება მოისმინეს, შემდეგ კი,  სამანდატო დროებითი კომისია აირჩიეს, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლიანა ოქროპირიძე, დავით სარალიძე და ბექა ლობჟანიძე. შემდეგ მოხდა ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის შექმნა და საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გორის უნივერსიტეტის რექტორმა და ახალი მოწვევის საკრებულოს წევრმა გიორგი სოსიაშვილმა წარადგინა. სხდომას უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი ბორის გოგიჩაიშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ. “ენმ” და “საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

“მიგვაჩნია, რომ არ არის სრულად გამოხატული ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნება , თუმცა იმ ზეწოლების და სხვადასხვა ფაქტების გამო, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვაქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკრებულოს არცერთი თანამდებობის პირის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ” , – განაცხადა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა მამუკა ფანიაშვილმა.

დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნების” 24-ვე წევრმა აირჩია. ენმ-ის 9 წევრმა და პარტიის “საქართველოსთვის” 3-მმა წევრმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

“იცვლება სიტუაციები, ჩვენ დავრჩებით ამ ქალაქში უმრავლესობა და მოდი ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.რა თქმა უნდა, კრიტიკა უნდა იყოს; მე თვითონაც დამმართნია, რომ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, მაგრამ ყველანაირად ვეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. სულ ყველას პატივს გცემთ, პოზიციასაც და ოპოზიციასაც” , – განაცხადა დავით რაზმაძემ.

ცნობისთვის, დავით რაძმაძე უკვე მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრია და აქედან მესამედ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.