ახალი ამბები

ა(ა)იპ-ების ბიუჯეტიდან ხელფასებში 30%-ზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს – გახარიას გუნდი გორში

გახარიას გუნდმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 3 წევრიანი ფრაქცია შექმნა. პოლიტიკურ გაერთიანებას პირველი შეკრება უკვე ჰქონდა, სადაც 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი წინა მოწვევის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილია და სწორედ მისი მეშვეობით გორის მერს რეკომენდაციები 3 ძირითად საკითხთხზე გაუგზავნეს.

გახარიას გუნდი ფიქრობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ნაწილში ანაზღაურებისთვის გაწერილი თანხები არაეფექტურად იხარჯება და ამ მხრივ ცვლილებები აუცილებელია.

“ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტის 30% უნდა იყოს ზედა ზღვარი, რითიც შეიზღუდება როგორც საშტატო, ისე ხელშეკრულებით აყვანილ პირთა ხელფასები. ხშირშემთხვევაში სამსახურები, სადაც კადრებს ხელშეკრულებით აიყვანენ ხოლმე არ კონტროლდება. შეუძლიათ აიყვანონ ნებისმიერი ადამიანი და დაუნიშნონ ნებისმიერი ხელფასი. ამას საბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი და ხელფასის ზედა ზღვარი უნდა შევზღუდოთ. რა თქმა უნდა კონკრეტულ ხელფასს ვერ დავასახელებთ, რა თქმა უნდა ეს არ იქნება არც სწორი და არც დემოკრატიული, იმედი გვაქვს ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ”-აცხადებს მერაბ გოხელაშვილი.

პარტიის “საქართველოსთვის” სიის პირველმა ნომერმა გორში გუნდის ხედვებსა და გეგმებზე გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” ისაუბრა. მერაბ გოხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ერთ-ერთი შენიშვნა კოვიდგადატანილებს ეხება, კონკრეტულად კი 150 000 – ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს პოსტ-კოვიდის პერიოდში, რეაბილიტაციისთვის მედიკამენტები უფასოდ უნდა მიეწოდოთ.

მესამე რეკომენდაცია კი “სამოქალაქო ბიუჯეტს” ეხება, რომლის 1 მლნ -იანი დაფინანსების გაზრდას, გახარიას გუნდი 5-მლნ ლარამდე ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.