ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია დაენიშნა 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის 10 წარჩინებულ სტუდენტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, სტიპენდია დაუნიშნა.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“, რომელიც მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიები დააწესა გორის უნივერსიტეტის იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან.

“ფონდის სტიპენდიანტებმა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულმა სტუდენტებმა ღონისძიების დროს ჩაატარეს იმიტირებული გაკვეთილი – „ჩემი პირველი გაკვეთილი”, – ნათქვამია გორის უნივერსიტეტის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ, ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა ალექსიძემ წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცეს ფონდის სტიპენდიანტობა და სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.