ახალი ამბები

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ხელფასებს ჩვენ ვერ გავუზრდით, ეს სახელმწიფოს ნებაა – კოვზიაშვილი

2022 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება კი უცვლელი რჩება. ისინი მუნიციპალური ა(ა)იპ – ის წარმომადგენლებად ითვლებიან და ამ მხრივ რაიმე სიახლე მათ მიმართ ჯერჯერობით არ განიხილება.

2022 წლის ბიუჯეტიდან გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ისევ 8 მლნ 600 ათას ლარს მიიღებს, რაც მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით გადანაწილდება.

სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ პანდემიის პირობებში აღნიშნული თანხა ა(ა)იპ-ის მუშაობისთვის საკმარისია და ჯერჯერობით რაიმე ცვლილების განხორციელება არ იგეგმება. რაც შეეხება საბავშვო ბაღების თანამშრომლების ანაზღაურების საკითხს, კოვზიაშვილის განცხადებით, ამ თემაზე გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე უნდა იყოს მიღებული, რადგან თვითმმართველობას მისი თქმით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნია.

“2021 წელი ფაქტიურად პანდემიის პირობებში გავატარეთ. სრულიად გვეყო თანხა, რაც იყო ჩვენთვის გათვალისწინებული. თუ კი გამოგვიჩნდება რაიმე ისეთი საქმე, რომლის განხორციელებაც აუცილებელია, უარზე არ იქნებიან და გაითვალისწინებენ. ისე, რომ ჯერჯერობით ისევ ამ ბიუჯეტით დავკმაყოფილდით. რაც შეეხება ხელფასების მატების საკითხს, ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. ამაზე სახელმწიფო ზრუნავს. თუ სახელმწიფოდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – ამბობს ლია კოვზიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები