გორში პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” აქტივისტების დაკავება, სამხარეო პოლიციის მიმდებარედ საზოგადოების ნაწილმა გააპროტესტა.
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მათ მშვიდობიანი პროტესტის საშუალება არ მისცა და სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა
“გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული დღეს გვიზღუდავენ და ამის მაგალითია ხომერიკის და გრიგალაშვილის დაკავებაც. ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ ამ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულები არიან გორში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. სულ ათიოდე ადამიანი შევიკრიბეთ პოლიციის შენობის წინ და 50-მდე პოლიციელის მობილიზება მოხდა, თითქოს შენობის შტურმით აღებას ვაპირებდით. საშუალება არ მოგვცეს, რომ შენობის წინ მშვიდობიანად გაგვეპროტესტებინა დღევანდელი ამბავი” , – განაცხადა ფანქველაშვილმა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები სრულიად იზიარებენ, დღეს გორში პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ჩატარებული აქცია-პერფორმანსის პათოსს და მათი მოთხოვნაც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.