სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.
კომპანიამ „აგროგრუპი“ სამაცივრე მეურნეობის შესაქმნელად 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 540 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 350 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე სამაცივრე მეურნეობაში, 500 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი და 6 ადამიანია დასაქმებული.
“სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში 56 შემნახველი და სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მხარდაჭერით, შეიქმნა 15 000 ტონაზე მეტი პროდუქციის შემნახველი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 34 მილიონი ლარის აგროსესხი გაიცა”, – განმარტავენ პროგრამის წარმომადგენლები.
ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად დაათვალიერა.