პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის”, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტომ გაავრცელა.
ცვლილებების მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში, მეპატრონე ფიზიკური პირი 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
“მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს”, – აცხადებენ სააგენტოში.