გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.
“გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % – ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტრო ენერგიის გადაუხდელობის გამო, შეუწყდათ. 230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტრო ენერგიის დავალიანებამ, 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა” , – ინფორმაციას მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.