ბლოგები

რა უნდა გავაკეთოთ საკრებულოს დეპუტატებმა?

ავტორი: მაია ბოლაშვილი

ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს  გაცილებით მეტი  პასუხისმგებლობააცაა  ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის საკრებულოს წევრი. ქალაქის, რომელსაც საამაყო ისტორია და ტრადიციები გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლიანად იმსახურებს უკეთეს აწმყოს და საუკეთესო მომავალს.

მინდა,  აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის, ჩვენი მუნიციპალიტეტის  რიგითი ამომრჩევლის მიმართ, ვინც მხარი დაგვიჭირა; ვინც მთელი ამ მძიმე და სტრესული  საარჩევნო კამპანიის პერიოდში თავისი თანადგომით და ერთგულებით გვამხნევებდა, ძალას გვმატებდა,  რომ პარტია ‘’საქართველოსთვის’’ რამდენიმი  წევრი,  ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად,   შევჭიდებოდით იმ მეტად  მნიშვნელოვან საქმიანობას, რასაც ქალაქის, შიდა ქართლის რეგიონისთვის დაუღალავი ზრუნვა და მათთვის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, ესოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  პრობლემების სასიკეთოდ გადაჭრა ჰქვია და რომელზეც თითოეული ჩვენგანი დღენიადაგ უნდა ფიქრობდეს და პრაქტიკული საქმიანობით უნდა შეეცადოს ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენდამი გამოცხადებული ნდობის გამართლებას. 

როგორი უნდა იყოს საკრებულოს წევრი?

საკრებულოს ნებისმიერ წევრს, პირველ ყოვლისა, საკრებულოსა და სხვადასხვა კომიტეტის  სხდომებზე ინტენსიური დასწრება და განსახილველ საკითხებში, დებატებსა და დისკუსიებში  აქტიური მონაწილეობა ევალება. ჩვენ ყველამ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ და წარსულს ჩავაბროთ ერთმანეთთან ხმაურიანი  დაპირისპირებანი, სამარცხვინო, ყოვლად მიუღებელი სიტყვა-პასუხი თუ უსაფუძვლო ბრალდებანი, რაც უკვე დიდი ხანია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მის გახლეჩვას, პოლარიზაციას და მოსახლეობის უნდობლობას.

აუცილებლად უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლების  გულდასმით მოსმენა  და განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა, მისი მიუღებლობის შემთხვევაშიც კი.

თითოეული ჩვენგანი მაღალი პოლიტკულტურის დამკვიდრებას უნდა შევეცადოთ და ერთიანი ძალისხმევით ვიპოვოთ არსებული სირთულეებიდან გამოსავალი, რომელიც ისევ და ისევ მოსახლეობისა და ქალაქის კეთილდღეობაზე იქნება სავსებით ორიენტირებული.

რა ვისწავლე სხვებზე დაკვირვებით?

წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ისედაც უამრავი დრო და რესურსი ამაოდ დავხარჯეთ და დაიკარგა  გაუთავებელ კინკლაობასა და  მყისიერ, დილეტანტურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.

მე მჯერა იმ ახალგაზრდული, პროფესიონალთა  გუნდის, რომელსაც ქალაქის ახალი მოწვევის საკრებულოში წარმოვადგენ. გუნდის, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა სასიკეთო ქმედებას და თავდაუზოგავად იშრომოს და პატიოსნად იღვაწოს იმ ინოვაციისა თუ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ქალაქის და რეგიონის წინსვლა-განვითარებისთვის იქნება ხელშემწყობი.

მე და ჩვენს გუნდს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სოფლის მოსახლეობასთან, განურჩევლად იმისა, თუ ისინი რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან.

მეტი მონდომებით გავეცნოთ მათ საყოფაცხოვრებო პრობლემებსა და სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს, სიღრმისეულად  შევისწავლოთ და ინტენსიურად გავახმიანოთ საკრებულოს შეხვედრებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მხოლოდ არჩევნების პერიოდში არაა საკმარისი მათთან კონტაკტი და დაპირებანი. 

ასევე მინდა მჯეროდეს, რომ  საკრებულოს ნებისმიერ წევრს შეგნებული და გათავისებული აქვს მისდამი დაკისრებული ესოდენ  დიდი პასუხისმგებლობა და ურთიერთ ატივისცემით, გამოცდილების გაზიარებით, ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იქნება და სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქალაქს, რომელიც ცალსახად ყველას ასე ძალიან გვიყვარს, მასზე გული შეგვტკივა და მისი უკეთესი, ნათელი მომავალი მეტ-ნაკლებად ჩვენს ხელთაა და გვეიმედება. 

ერთად შიდა ქართლისა და ჩვენი გორისთვის.       

დატოვეთ კომენტარი
ტეგები