გოგონებმა და ქალებმა შიდა ქართლის 10 სოფლიდან საკუთარ თემში არსებული საჭიროებები ერთმანეთს გაუზიარეს. ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხები 4-მა მომხსენებელმა შეაჯამა და მოწვეული სტუმრებისგან არსებული მდგომარეობის შესაცვლელად რჩევები და მოსაზრებები მოისმინა.
გამომსვლელთა შორის ერთ-ერთი ზარდიაანთკარში მცხოვრები მარიამ გაბლიშვილი იყო. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ. გარდა ამისა, სოფელში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადგილობრივები ყველაზე გვიან დაბრუნდნენ, არ არსებობს სამედიცინო დაწესებულება და ომგამოვლილი ხალხი ამ მხრივ დახმარების საჭიროების დროს ერთმანეთის იმედად არიან.
“ჩვენ სოფელს ომის კვალი დღემდე ეტყობა. მთელი ტვირთი ამ 13 წლის განმავლობაში მთლიანად ქალებზე გადავიდა, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური მძიმე ყოფა და ის სირთულეები რაც კონფლიქტმა მოგვიტანა ახალ თაობას არ გვაგრძნობინონ საკუთარ თავზე აიღონ არსებული პრობლემების მოგვარება. ვფიქრობ ამ ქალებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ამ სტრესის შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, არ არსებობს აფთიაქი, ამბულატორია და ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მისაღებად ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი ხალხი ქალაქში უნდა წავიდეს”, – აღნიშნა მარიამ გაბლიშვილმა.
მოხსენებების მოსმენის შემდეგ, დისკუსიის ნაწილში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ცხოვრებაზე ერგნეთში მცხოვრებმა ლია ჩლაჩიძემ ისაუბრა. მისი აზრით, ასეთი კატეგორიის ოჯახებს და განსაკუთრებით ქალებს, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა სჭირდებათ.
“საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების საჭიროებები სხვა სოფლებში მაცხოვრებლების პრობლემებისგან განსხვავებულია. ჩვენ ძირითადად უსაფრთხოებაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ქალების მძიმე ყოფას ამ პირობებში. არ არის არანაირი სივრცე, სადაც შეიძლება ქალებმა თავი მოიყარონ და ერთად მოიფიქრონ რა და როგორ შეიძლება შეცვალონ უკეთესობისკენ. ეს არის სოციალური პრობლემები და ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ზრუნავდეს, ხელი შეუწყოს ქალებს დაგეგმონ და განახორციელონ ადგილზე მათთვის აქტუალური და საინტერესო საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ქალთა საჭიროებები და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება მარიამმა ასე საინტერესოდ წარმოაჩინა და გააცნო ფართო საზოგადოებას”, – აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას სოფლად მცხოვრები ქალებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, 35-მდე სხვადასხვა სფეროს და ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალი ესწრებოდა. ისინი აღნიშნანვდნენ, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრები ხშირად უნდა ეწყობოდეს, იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე ინფორმაციები ინტენსიურად მიდიოდეს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ამ სახით მათ პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება 15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების დღეს მიეძღვნა, რომელიც “ქართული მედია ჯგუფის” პროექტის ფარგლებში “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორთა განმარტებით, ქალების მიერ გაჟღერებული საჭიროებების და პრობლემური საკითხების შესახებ წერილები შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიებს გაეგაზვნება, სადაც რეკომენდაციის სახით, მომავალი წლის ბიუჯეტში მათი გათვალისწინების მნიშვნელობასაც იქნება ასახული.