28 წლის ბრიტანელი მუსიკოსის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
თომას კენედი საქართველოში 1 თვის წინ ჩამოვიდა. ბოლოს კი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.
ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. დანაშაულის ბრალდებით 5 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი.
ნაქურდალ ნივთებს სამართალდამცველებმა ლომბარდში მიაგნეს. ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებენ. მათი უფლებადამცველის, გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი 109-ე და 178-ე მუხლებით წარედგინათ. (განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძარცვა).
“ჩადენილი დანაშაულის დასაფარად ბრალდებულებმა, დაზარალებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი მდინარე მტკვარში გადაადგეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხდებს პროკურორი, დავით გუმბერიძე.