სტატიები

როგორ იმუშავა 2017 წელს არჩეულმა საკრებულომ გორში – დეპუტატების შეფასებები

გორის მუნიციპალიტეტის 2017-2021 წლის მოწვევის საკრებულომ 4 წლიანი მუშაობა დაასრულა. საკრებულოს წევრები რადიო “მოზაიკასთან” საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებენ და საკუთარ როლზე საუბრობენ. ოპოზიცია საკრებულოს მუშაობით უკმაყოფილოა. მმართველი გუნდი კი ამბობს, განვლილი 4 წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივები მხარდაჭერის გარეშე რჩებოდა

საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში წარმომადგენლობით ორგანოს ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები არასდროს დაუმტკიცებია. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა.

ბექა ქორჩილავა, ენმ

პრეცედენტი არ მომხდარა, რომ ოპოზიციიის მიერ ინიცირებული საკითხი გასულიყოს. ინიცირებები გვქონდა წერილობით. უსახლკარო ადამიანებისთვის ქირის საფასურის გაზრდა, გამსახურდიას ძეგლის დადგმა, სტუდენტურ ტარიფზე, ვეტერანებზე და სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე ტრანსპორტის შეღავათი, მაგრამ არ დაგვიჭირეს მხარი.


იგივე პრობლემაზე საუბრობს საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ირმა ამბარდნიშვილი. მისი თქმით, ვიდრე “ქართული ოცნება“ უმრავლესობაშია, მოცემულობა არ შეიცვლება.

ირმა ამბარდნიშნილი, დამოუკიდებელი დეპუტატი

არ მახსენდება, რომ ჩემ მიერ დაყენებული ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ. სიტყვიერად შეიძლება, მაგრამ განხორციელება არ მომხდარა. მომავალშიც ზუსტად ასე გაგრძელდება, რადგან “ქართული ოცნება” უმრავლესობაშია, დავით რაზმაძე ისევ საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩება. ეს კაცი კი შეჩვეულია ერთპიროვნულ მმართველობას


2017 წლის მოწვევის საკრებულოში ქართული ოცნება უმრავლესობით იყო წარმოდგენილი.

ფრაქციების მუშაობა და მათი დაფინანსების ეფექტურობა

2017-21 წლის მოწვევის საკრებულოში 8 ფრაქცია იყო. “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი ფიქრობ, რომ 4 წლის განმავლობაში ფრაქციების მუშაობა ნაყოფიერი იყო.

მიშა გოგინაშვილი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

ფრაქციებმა კარგად იმუშავეს, როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის”. აქ მუშავდებოდა ინიციატივები, ხდებოდა პოლიტიკური კურსის გატარება, ინიციატივის მხარდაჭერა. ფრაქცია რამოდენიმე დეპუტატის ერთობაა და მათ მიერ დაყენებულ ინიციატივას უფრო მეტი წონა აქვს.


განსხვავებული აზრი აქვს ირმა ამბარდნიშვილს. დამოუკიდებელი დეპუტატი ფიქრობს, რომ ფრაქების შექმნის მოტივი ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაა.

“სულ მცირე სამი წევრი უნდა იყოს ფრაქციაში. აქედან, ფრაქციის თავმჯდომარეს და მოადგილეს აქვს ხელფასი ბიუჯეტიდან, მესამე წევრს – არა. იკრიბება “ქურდული ოფშიაკი” ან ხდება გარიგებები. ვიღაცები ფულს იღებენ ბიუჯეტიდან, ვიღაცებს კი ნათესავებს უსაქმებენ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში. გარდა თანამდებობის გადანაწილებისა, საკრებულოს ფრაქციებს სხვა დანიშნულება არ აქვს”.

“აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანო იყო ერთი გუნდი და ყველა საკითხთან მიმართებაში ოპტიმალურ გზას ვპოულობდით”

4-წლიან მუშაობას აჯამებს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეც, მისი თქმით, რთული დღეების და პრობლემების მიუხედავად, საკრებულოს მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს.

დავით რაზმაძე, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’

იყო აზრთა სხვადასხვაობაც, ვერ ვიტყვი, რომ აღმასრულებელთან ყოველთვის საერთო აზრი იყო, მაგრამ ვინაიდან აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანო იყო ერთი გუნდი, ვფიქრობ, ყველა საკითხთან მიმართებაში ოპტიმალურ გზას ვპოულობდით. ამ საკრებულოს მუშაობას დადებითად შევაფასებ, თუმცა გვქონდა პრობლემები და მოსახლეობის უკმაყოფილება.


აღსანიშავია, რომ 2017-21 წლის მოწვევის საკრებულო 40 დეპუტატიდან 7 ქალი იყო. როგორ დაკომპლექტება ახალი საკრებულო, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.