ვაჟა შაქარაშვილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 22 აგვისტოს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა უმაღლეს დაწესებულებებში პედაგოგად. ის არის 1000-ზე მეტი საგაზეთო პუბლიკაციისა და ათეულობით სატელევიზიო გადაცემის, მათ შორის ტელეფილმის „პიმენ დვალი“ ავტორი. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, წლების მანძილზე იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, საიდანაც მოვლენათა ეპიცენტრიდან სისტემატურად აწვდიდა მასალებს ქართულ მედია საშუალებებს.
“კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს თავისი უზადო ინტელექტით, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობით, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით“, – ასე იწყებენ საუბარს ვაჟა შაქარაშვილზე მისი მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები.
სამაჩაბლოდან დევნილი, პოეტი ციცინო ბაბუციძე ერთ-ერთია, ვინც ვაჟა შაქარაშვილთან მეგობრობდა და ასევე ჩართული იყო მის პროექტში, რაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ვაჟა შაქარაშვილის ინიციატივით განხორციელდა რამდენიმე პროექტი გამყოფი ხაზის სოფლებში, რომლის მიზანიც ჩატეხილი ხიდის აღდგენა იყო ქართველებსა და ოსებს შორის.
“პირველად ჩემი პოეზიის საღამოზე გავიცანი ბატონი ვაჟა და მაშინ დავმეგობრდით, ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. ჩართული ვიყავი მის პროექტში, ის ცდილობდა ქართველებსა და ოსებს შორის კომუნიკაციის დაწყებას, ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ეს მაძლევდა იმედს, რომ მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყო. სამომავლოდ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი – მის ღონისძიებებში სამაჩაბლოდან ერთვებოდნენ. ეს იყო გზა, რომელიც დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებამდე უნდა გაგვევლო. გზა და ხიდი იყო ბატონი ვაჟა. მისი წასვლით რაღაც ისეთი გაწყდა, რაც თავიდან უნდა დავიწყოთ”, – ამბობს ციცინო ბაბუციძე.
ვაჟა შაქარაშვილი 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.
“წუთია ცხოვრება წუთისოფელში, თუმცა, ეს წუთი შანსს გაძლევს ის დატოვო აქ, რაც სიცოცხლეს შეგინარჩუნებს. ეს არის, უამრავი ჯილდოები და საპატიო წოდებები, რაც ვაჟა შაქარაშვილს იმდენი აქვს, აქეთ და იქით საგზლად ბევრიც კია. ეს ის უამრავი წიგნია, რომელთა გამოცემაზე ღამეები უთენებია. და უამისოდაც კი, ვაჟა შაქარაშვილი არის კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს თავისი უზადო ინტელექტით, არაჩვეულებრივი კაცთმოყვარეობით, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით. მე არასოდეს დამავიწყდება ყოველთვის უზადოდ ჩაცმული, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილი, რომელიც არასოდეს არღვევდა ,,დრესკოდს” და ბრწყინავდა ჰალსტუხით და მოდური კოსტუმებით“, – იხსენებს ლია მიჩიტაშვილი.
მეგობრების თქმით, ვაჟა შაქრაშვილი კარგი თამადა იყო. ამბობენ, რომ მისი ნათქვამი ლექსები, სხარტი პასუხები და სადღეგრძელოები დიდხანს ემახსოვრებათ.
ჯემალ ინჯია, მწერალი
ერთხელ დაბადების დღეზე დამპატიჟეს, მე ვაჟა შაქარაშვილი წავიყვანე, ისე მოხდა, რომ ჩემი მიყვანილი სტუმარი სუფრის თამადად დანიშნეს. კარგი თამადა იყო, სიტყვა – პასუხი, ლექსის და სადღეგრძელოს თქმა არ ეშლებოდა. ბევრი წელია, რაც ვაჟა შაქარაშვილს ვიცნობ. მე მამამისსაც კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი. რომ წამოიზარდა, ვადევნებდი მის შემოქმედებას თვალს და მომწონდა.ვმეგობრობდით, ასაკის მიუხედავად.
ვაჟა შაქარაშვილზე განსაკუთრებით ბევრი ოჯახის წევრებს აქვთ მოსაყოლი. შვილი, მარიამ შაქარაშვილი ამბობ, რომ მამას ცხოველები უყვარდა და ზოოპარკში ლომიც კი ჰყავდა მოთვინიერებული.
მარიამ შაქარაშვილი, შვილი
ბავშვობიდან გვიყვებოდა უამრავ ამბავს და ამ მონათხრობების გახსენებისას, კიდევ უფრო შევიგრძნობ, როგორი ჰუმანური და თბილი ადამიანი იყო. შეყვარებული იყო ცხოველებზე, მისი ახალგაზრდობის წლებში ზოოპარკში ლომიც ჰყავდა მოთვინიერებული, რომელსაც ელზა დაარქვა. მამას გააჩნდა დიდი უნარი, რომ სხვა ადამიანების ცხოვრებაში გარდატეხა გამოეწვია. მას ერთ-ერთ ოჯახთან ჰქონდა კომუნიკაცია, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანი ცხოვრობდა, რომელიც ეტლს იყო მიჯაჭვული, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მამა ამ ახალგაზრდა ბიჭთან მეგობრობდა. მან ამ ახალგაზრდის ლექსების კრებულიც გამოსცა და ამ გზით ცდილობდა მისი ცხოვრების გალამაზებას.
ვაჟა შაქარაშვილს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნომ „ღვაწლმოსილი“ საპატიო წოდება და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიანიჭა; საქართველოს პედაგოგთა კავშირმა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლით, საპატიო სიგელით დააჯილდოვა; ქორეოგრაფთა კავშირმა წიგნისთვის „შენთვის, საქართველო“ კავშირის საპატიო წევრად აირჩია; 2019 წელს ვაჟა შაქარაშვილს მიენიჭა გორის საპატიო მოქალაქის წოდება; სულ ახლახანს კი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია.