გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 6 ოქტომბერს, ორი დღის დაგვიანებით განახლდა. პროცესის გაჭიანურების მიზეზად სააგენტომ საბავშვო ბაღებში ბუნებრივ აირთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელა, რასაც მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, სააგენტომ დროულად ვერ მოახერხა არსებული პრობლემების აღმოფხვრა და ამით აღსაზრდელები დაზარალდნენ.
მშობლების ინფორმაციით, მათი უკმაყოფილების საპასუხოდ, სკოლამდელი აღზრდის სააგენტო იძულებული გახდა, რომ სააღმზრდელო პროცესი განეახლებინა.
“თვითონ აღმზრდელებმა გვთხოვეს, რომ გაგვეხმაურებინა ეს ყველაფერი, რადგან თვითონ ვერ ბედავენ. ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბაღებში სწავლა იმიტომ დაიწყო, რომ მშობლების პროტესტის შეეშინდათო”.
“გაზი არაა ბაღებში და მიუტანეს დენის “პლიტები”, რომლითაც ვერ თბებიან, ბავშვები გაყინულები მომყავს, მასწავლებლებიც სულ გალურჯებულები. ჭურჭელს ცივ წყალში რეცხავენ”, – უყვება ერთ-ერთი მშობელი რადიო “მოზაიკას”.
გორის საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, მშობლები ღიად წერენ სააგენტოს ოფიციალური გვერდის კომენტარებშიც.
” რა აზრიაქვს რო დაიწყოო? გავყინოთ ბავშვები? მოგეგვარებინათ გათბობა ამდენი თვეები რას აკეთებდით? “
“ბაღები რომ გახსენით გასაგებია,მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი რომ ჩვენი შვილები თბილად არიან? დენის გამათბობლები რომ ჩაურთეთ ბავშვებს,რა გგონიათ ეგ გაათბობთ? ყველაზე მთავარი კი ის არის,რომ ბავშვების ჭურჭელი ცივი წყლით ირეცხება და წარმოიდგინეთ როგორი ხარისისი იქნება, ჯობდა სულ არ გაგეხსნათ და როცა საქმე ბავშვებს ეხება, უფრო მეტად პასუხისმგებლიანები უნდა იყოთ!”, – წერენ მშობლები.
სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი რამდენიმე დღეა რადიო “მოზაიკას” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია სააგენტოს ოფიციალური პოზიცია, რატომ ვერ მოხერხდა დროულად საბავშო ბაღებში ბუნებრვი აირთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, კი ზოგიერთ ბაღში არ იყო რეკომენდირებული გათბობის არსებულ სისტემა და შეცვლა გახდა საჭირო.
“ახალი რეგულაციების თანახმად, ცენრალური გათბობის ღუმელი შენობის გარეთ უნდა იყოს. აქამდეც იყო ამ რეგულაციების შესახებ ცნობილი, მაგრამ თანხებთან არის დაკავშირებული და 63 ბაღია გორის მუნიციპალიტეტში, ამიტომ ასე სწრაფად ვერ მოხერხდა. ნელ-ნელა მიმდინარეობს ამ პრობლემის აღმოფხვრა. ასეთი ფაქტის წინაშე, რომ დადგებოდა გორის ბაღები, ვინ წარმოიდგენდა”, – განაცხადა გორის მერმა.
ინფორმაციისთვის, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 6 ოქტომბერს განახლდა, გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სოფლის საბავშვო ბაღები უახლოეს პერიოდში მუშაობას ეტაპობრივად განაახლებენ.