სტატიები

მთავარი პრობლემები, რაზეც ახალმა მერმა უნდა იზრუნოს – გორელების რეკომენდაციები

გორის ახლადარჩეული მერი საქმიანობის დაწყებას არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ შეძლებს. ლადო ხინჩეგაშვილმა საარჩევნო პროგრამაში მთელი რიგი საკითხები გაწერა, რომელთა გადაჭრასაც უფლებამოსილების ამოწურვამდე გეგმავს. დაპირებები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა – ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა განათლება და სპორტი. თითოეული მათგანის განხორციელებას ახალი მერი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით გეგმავს.

“ჩვენ გვაქვს საერთო პრობლემები და საერთო საზრუნავი, ერთიანი ძალისხმევის გარეშე, მასთან გამკლავება გაგვიჭირდება. ამიტომ, სრული კონცეტრაცია საერთო საქმის ხარისხიანად და ჯეროვნად გაკეთებაზე! დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ ყველასთან, ვინც მზად არის ემსახუროს ხალხს, ვისი მთავარი ინტერესიც მუნიციპალიტეტის კეთილდღეობა იქნება”, -ამბობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

მოქალაქეთა ნაწილი გორის ახლადარჩეულ მერს იმ საკითხებს უზიარებს, რომელიც მათი აზრით საწყის ეტაპზევე საჭიროებს ყურადღების გამახვილებას, შემდგომში შესაძლო სირთულეების თავიდან აცილებისა და შედეგიანი მუშაობისთვის. ერთ-ერთ ასეთად ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ასახელებს. მისი შეფასებით, მთავარი ფინანსური დოკუმენტის სწორად გაწერა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დროული რეფორმების განხორციელება მერიის ეფექტური მუშაობისთვის მნიშვნელოვანია.

“ახალ მერს მთავარი სამუშაო რაც დახვდება, არის ბიუჯეტის პროექტი. წესით უნდა გადახედოს ამ პროექტის პრიორიტეტებს, რამდენად ოპტიმალურად არის შედგენილი, რა ვალდებულებები გადაყვება მომდევნო წელს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმა როგორ ფორმირდება 2021 წლისთვის, რა საპროექტო სამუშაოებია სასწრაფო რომ მერე ასეთი ქაოსი არ შეიქმნას, რაც დღეს ხდება გორის ქუჩებში. რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს, მისი შედეგები გავა მომდევნო წლის საკრებულო სხდომაზე და თუ შენიშვნები არ ექნება, შესაბამისად გაიზიარებს პასუხისმგებლობას. რეფორმები, რაც არის ჩასატარებელი საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ადმინისტრირებაში, ანუ თვითონ მერიის ეფექტურ მუშოაბაზე, ამაზე შეგნებულად არაფერს ვამბობ,”- აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.

ახლადარჩეული საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის”, მაია ბოლაშვილი ფიქრობს, რომ ქალაქში ბევრი დაუსრულებელი პროექტია და ახალმა მერმა თავდაპირველად სწორედ ამ სამუშაოების ბოლომდე მიყვანაზე უნდა იზრუნოს. ბოლაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ინფრასტრუქუტურულ პროექტებზე ამახვილებს.

“პირველ რიგში აუცილებელია ქუჩებისა და ტროტუარების უკვე დაწყებული მოასფალტება-მოპირკეთების სამუშაოების დასრულება, რადგან ეს პრობლემას უქმნის როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დღემდე გადაუჭრელია და მნიშვნელოვანია ცხოველთა თავშესაფრის დროული დასრულება. ასევე ხშირად უნდა ხდებოდეს ქუჩების დილაადრიან მორეცხვა და ნარჩენების დროულად გატანა. ქალაქში ასევე არსებობს პარკინგის პრობლემა. განსაკუთრებით წმინდაწყლის ცენტრში, ცხინვალის გზატკეცილზე და ჭავჭავაძის ქუჩაზე”, – ამბობს მაია ბოლაშვილი.

მერის ყოფილი მოადგილე კი ლადო ხინჩეგაშვილს, კომპეტენციის ფარგლებში, კერძო სექტორის მხარდაჭერას ურჩევს. ეკატერინე სუხიშვილის აზრით, ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს უმუშევრობაა და მისი აღმოფხვრა ადგილობრივ დონეზეც შესაძლებელია.

“უმუშევრობის აღმოფხვრისთვის ზომების მიღება შესაძლებელია ადგილობრივ დონეზეც. ამისთვის აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა. კერძო სექტორის მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა შექიმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი. აუციელებლია ასევე მოწინავე პოზიციებზე ქალების დასაქმება. განსაკუთრებით, საბიუჯეტო სამსახურებში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სოფლებში სპორტულ-სახელოვნებო წრეების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ან გახსნა, სადაც არ არის. ადგილზე ამ სივრცეების არსებობა ახალი თაობის განვითარებისთვის უმნიშვენლოვანესია”, – აცხადებს ეკატერინე სუხიშვილი.

რეკომენდაციები აქვთ ახალ მერთან სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებსაც. მათი თქმით, საჭიროა მუნიციპალური ტრანსორტის მოძრაობა სოფლებშიც, რადგან ეს პრობლემა ქალაქს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის ყველაზე აქტუალურია. ნონა საბაშვილი საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ სოფლების ბაღებში, აღსაზრდელების მცირე კონტიგენტის გამო, ანაზღაურება მიზერულია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ახალმა მერმა ბიუჯეტის გადანაწილებისას.

“მაქვს შეხება საბავშვო ბაღთან და ვიცი, რომ იქ ანაზღაურება ძალიან დაბალია. კარგი იქნება თუ ამ სფეროსაც მიხედვას ახალი მერი და განსაკუთრებით სოფლის ბაღებში დასაქმებულთა შრომის სათანადოდ დაფასებაზეც იფიქრებს. ასევე სოფლებში აქტუალურია ტრანსპორტის პრობლემა და გვსურს, რომ ის ახალი ავტობუსები დღეში ერთხელ მაინც, ჩვენთანაც მოძრაობდეს,” – ამბობს ნონა საბაშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის 32-ე ოლქში ყველა უბნის მონაცემები დათვლილია, რომლის მიხედვით, გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. მან ხმების 52,94% მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.