“ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისი სოფელ ქიწნისში, 77-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განმარტებით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იოსებ მუმლაძე ამ თემის მაჟორიტარი მოპარული ხმების შედეგად გახდა.
“კომისიის თავმჯდომარემ, სამოცდამეჩვიდმეტე უბანი სოფელ ქიწნისში გააყალბა და ამომრჩევლებს მოპარა ხმა. მოპარული ხმებით იოსებ მუმლაძე დეფაქტო საკრებულოს წევრი გახადა. გამყალბებლები ძალიან მალე წარდგებით სამართლიანი სასამართლოს წინაშე”, – წერს ნაციონალური მოძრაობა.
ბრალდებას “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი, თამარ მურალოვა პასუხობს. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და თუ ვინმეს რამეზე ეჭვი ან პრეტენზია ჰქონდა, რეაგირება მაშინვე, ადგილზე უნდა მოეხდინა.
“კომისიაში ხომ იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, გარდა ამისა დამკვირვებლებიც ჰყავდათ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით. თუ ამ უბანზე რამე დარღვევა დააფიქსირეს, რატომ არ დაწერეს საჩივარი, ან რატომ არ მიმართეს რაიმე ხერხს, რითიც მათ მიერ გამოვლენილ შემთხვევას გაახმაურებდნენ. ქიწნისში, ისევე როგორც მთლიანად გორის მუნიციპალიტეტში, არ ჰქონია ადგილი რაიმე ისეთ შემთხვევას, რასაც მიღებულ შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო”,-აღნიშნა თამარ მურალოვამ.
ინფორმაციისთვის, ცესკოს მონაცემებით, ქიწნისის 77-ე საარჩევნო უბანზე ყველაზე მეტი ხმა (754) “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა იოსებ მუმლაძემ მიიღო, მეორე ადგილზეა “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენელი, რომელსაც 928 ამომრჩევლიდან 119-მა მისცა ხმა. კენჭისყრის დღეს აღნიშნულ უბანზე, არცერთი საჩივარი დაწერილა.