ახალი ამბები

ISFED:გორის მერიის 2-მა თანამშრომელმა საარჩევნო კოდექსი დაარღვია 

“სამართლიანმა არჩევნებმა” გორში საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტებზე ცესკო-ში ორი საჩივარი შეიტანა. 

ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 22 სექტემბერს მიმართა გორის მერიის ორი თანამშრომლის, სოციალური სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძისა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, რამაზ შიოშვილი მიერ სამუშაო საათებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სააგიტაციო მასალების გაზიარების თაობაზე. 

საჩივარში აღნიშნულია, რომ საჯარო მოსამსახურებიის მიერ სამუშაო საათებში სააგიტაციო მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებით დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების კანონით დადგენილი წესი. 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, რომელიც მონიტორინგს უწევს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მიიჩნევს რომ საჯარო მოსამსახურის მიერ სამუშაო საათებში სააგიტაციო მასალების გავრცელებით, დაირღვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის კანონით დადგენილი წესი”, -ნათქვამია საჩივრებში. 

ცესკო-მ აღნიშნული საჩივრები განსახილველად გორის საოლქო საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა. ამავე კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება დადგენილი წესების დარღვევით, წარმოადგენს ადმინსტრაციულ სამართალდარღვევას, რომელიც გამოიწვევს დამრღვევი პირის 2000 ლარით დაჯარიმებას. 

დატოვეთ კომენტარი