ახალი ამბები

გახარიას პარტიის გორის ოფისისთვის ფართს ერასტი ელიჯარაშვილი ქირაობს

გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის “საქართველოსთვის” გორის ოფისის ქირას მერის ყოფილი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი იხდის. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიამ აუდიტის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტს მიაწოდა.

ელიჯარაშვილი ამავდროულად, პარტიის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობს. იგი ყოველთვიურად ოფისის ქირისთვის 2 000 ლარს იხდის. აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მას შენობის მეპატრონეებისთვის 4 000 ლარი აქვს გადარიცხული.

პარტიის “საქართველოსთვის” გორის ოფისი, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მისი მფლობელები კონსტანტინე მოსიძე და რომან დაჰკოშვილი არიან.

ერასტი ელიჯარაშვილი გორის მერის პირველ მოადგილედ გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში, 2019 წლის იანვარში დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან 2021 წლის მაისამდე იმუშავა. ერასტი ელიჯარაშვილმა თანამდებობა მეორე მოადგილესთან, პაატა ივანიშვილთან ერთად დატოვა. ორივე მათგანი დღეს პარტიის “საქართველოსთვის” წევრია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.