“ქართული ოცნება” რეგიონებში ამომრჩევლების მოსყიდვას განაგრძობს – ამ ინფორმაციას გორში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ.
მათი განმარტებით, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.
“ქართული ოცნებისთვის” ეს ბოლო არჩევნებია. შესაბამისად ყველაფერს კადრულობენ. მასიურად ხდება ძალადობა და მოსყიდვა გორის მუნიციპალიტეტში. გამოვლინდა ისეთი ფაქტები, სადაც საკვებ პროდუქტს არიგებენ იმისთვის, რომ ხმები მიიღონ”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” სიის პირველი ნომერი გორში ვახტანგ მარწყვიშვილი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება სურსათს მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს ურიგებს.
“ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ ოფიციალურად დაასრულეს საარჩევნო კამპანია და გადასულები არიან ადამიანების მოსყიდვაზე. არიგებენ პროდუქტს. სოციალურად დაუცველებს აფრთხილებენ, რომ მათ სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუხსნიან დახმარებებს”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-3 ნომერი გორში კახა ლობჟანიძე.
ქართული ოცნება ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ამომრჩევლის მოსყიდვაში თავად ოპოზიციას ადანაშაულებს.
“ჩვენი პარტიის ოფისი გორში არანაირ პროდუქტს არ არიგებს. ოპოზიცია როგორც ყოველთვის ტყუის. თვითონ არიან მაგ მოსყიდვაში შემჩნეულები და ეგენი არიგებენ ხოლმე საარჩევნოდ ფულს”, – ამბობს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გორში, მიხეილ გოგინაშვილი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქვთ კონკრეტულ პირებზე ინფორმაცია, რომლებსაც მათი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პროდუქტის მიტანას დაპირდნენ, თუმცა ღიად მათი ვინაობის დასახელებას ამ ეტაპზე საჭიროდ არ თვლიან. “ოცნების” შტაბში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ ხერხით, საკუთარი ქმედებების გადაფარვას ცდილობს.