ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ განწყობებზე ჩატარებული კვლევის შედეგები აუდიტორიას გორის დემოკრატიის სკოლაში გააცნეს. პრეზენტაციას ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში უძღვებოდა.
კვლევის შედეგები სხვადასხვა რეგიონში არსებულ გავლენებზე მიუთითებს, მათ შორის რუსულ გავლენებზეც.
რას ფიქრობენ “ნატოში” გაწევრიანებაზე, ვინ მიაჩნიათ მტრად და როგორ აფასებენ ევროკავშირის ბაზარს, როგორც ეკონომიური გაძლიერების ერთ-ერთ გზას.
ლაშა ტუღუში
ჩვენ ვატარებთ კვლევებს და შემდეგ ვაცნობთ საზოგადოებას მის შედეგებს. კვლევები ეხება იმ მიმდინარე პროცესებს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, მათ შორს ვსწავლობთ გავლენებს. როგორია გავლენები გარეფაქტორების, რამდენად არის რელიგიური გავლენები, როგორია ნდობა პოლიტიკური პარტიებისადმი, როგორია ნდობა ხელისუფლებებისა და ინსტიტუტების მიმართ. სამწუხაროდ ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია. საგარეო გავლენები საკმაოდ ძლიერია, მათ შორის რუსეთის გავლენებიც აშკარად ჩანს. იკვეთება ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დამოკიდებელები აქვთ.
განწყობებისა და გავლენების გამოსავლენად კვლევა საქართველოს ხუთ რეგიონში ჩატარდა. თითქმის ყველა მიმართულებით, სხვადასხვა შედეგი გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ ანტიდასავლური განწყობების კუთხით, შიდა ქართლში სხვა რეგიონებთან შედარებით პროცენტულად მაღალი შედეგები გამოვლინდა.
ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუკი საზოგადოებაში ანტიდასავლური და ანტილიბერალური მიდგომები გაძლიერდება.
ზვიად ქორიძე
კვლევა რომელიც ლიბერალურმა აკადემიამ ჩაატარა, საკმაოდ ფართომასშტაბიანი კვლევაა, იმიტომ რომ კონკრეტულ ერთ მიმართულებაზე არ არის ორიენტირებული. როდესაც ვსაუბრობთ ანტილიბერალურ ხედვებზე, აქ შემოდის ქსენოფობიური განწყობები, რომლითაც სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები კვებავენ ჩვენს მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საზოგადოებრივმა აქტორმა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია, სწორად გაიაზრონ რა რისკები შეიძლება გაჩნდეს და საფრთხის წინაზე შეიძლება დადგეს საზოგადოება, თუკი ეს ხედვები გახდება უპირატესი და უფრო მძლავრი.