სტატიები

რატომ გადაწყვიტა რექტორმა საკრებულოს წევრობა – ინტერვიუ გიორგი სოსიაშვილთან

გორის უნივერსიტეტის რექტორი “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მე-2 ნომერია. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობა, როგორც რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, ახალგაზრდების გააქტიურებისთვის გადაწყვიტა. სოსიაშვილს უკვე მონიშნული აქვს ის საკითხები, რომელთა გაჟღერებასაც საკრებულოში შესვლისთანავე გეგმავს.

როგორ აპირებს ახალგაზრდებისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას საკრებულოდან, გორის უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი და როგორ აპირებს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის პარალელურად საკრებულოს აქტიურ საქმიანობაში ჩართვას? ამ და სხვა საკითხებზე რადიო “მოზაიკას” შეკითხვებს, გიორგი სოსიაშვილი პასუხობს.

რატომ გადაწყვიტეთ უნივერსიტეტის რექტორობის პარალელურად საკრებულოს დეპუტატობა და რა არის თქვენი მთავარი მიზანი ამ პროცესში? 

ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის მაქსიმალური გაზრდა თვითმმართველობაში. სტუდენტების პროექტების დაფინანსებაზე ხელისშეწყობა და ახალგაზრდული ფრთის გამოცოცხლება. 

ფიქრობთ, რომ ამ მხრივ პრობლემაა და გორს არ ჰყავს აქტიური ახალგაზრდები? 

ვფიქრობ, ხელის შეწყობა სჭირდებათ ნამდვილად, რადგან ქალაქიდან ახალგაზრდების გადინების დინამიკაა. ამიტომაც ამ მიმართულებით რა გამოცდილებაც დამიგროვდა, მინდა, რომ გამოვიყენო ჩვენს ქალაქში  მეცნიერების, კულტურაში მოღვაწე ადამიანების და ახალგაზრდების ხელშეწყობას. ეს არის მთავარი მიზანი. 

გასულ წელს გვახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში მასპინძლობდით და მხარს უჭერდით დღეს უკვე სხვა პარტიაში გადასულ გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც სტუდენეტებსაც შეახვედრეთ. ახლაც თუ მოუწყობდით მსგავს შეხვედრას? 

ნებისმიერ ადამიანს აქვს კანონიდან გამომდინარე შეხვედრის უფლება, მთავარია კანონი არ დაირღვეს. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ეს და ჩვენ რა უფლება გვაქვს უარი ვუთხრათ. ყველას შეუძლია, თუ კანონს არ დაარღვევს, ნებისმიერ სივრცეში შეხვდეს მისთვის სასურველ ადამიანებს.  

ანუ გამოდის, რომ რეალურად, გასულ წელს თქვენ მხარს უჭერდით არა გიორგი ხოჯევანიშვილს, არამედ მის წარმდგენ პარტია “ქართულ ოცნებას”?

მე ვისაც ვუჭერ მხარს, ეს ჩემი გადასაწყვეტია და ჩემი დამოკიდებულებაა. ამ ეტაპზე მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქალაქში ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას და ამას ძალიან მალე იხილავთ. 

რა საკითხების ინიცირებას გეგმავთ, საკრებულოში შესვლის შემთხვევში? 

პირველყოვლისა, მინდა გავააქტიურო სტუდენტების დაფინანსების თემა, მათი უფასოდ ტრანსპორტირების საკითხი, პედაგოგების ტრანსპორტირების საკითხი, პედაგოგებისთვის და ჩვენი ინტელიგენციისთვის ხელისშემწყობი პროგრამების დაფინანსების საკითხი. ძალიან ბევრი თემა მაქვს მონიშნული და ამიტომაც მოვისურვე საკრებულოში შესვლა. ერთადერთი მიზანი ჩემი ეს არის, მეტი არაფერი, რომ ქალაქში ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდობა იყოს ჩართული სხვადასხვა რგოლში და გამოცოცხლდეს ჩვენს ქალაქში ახალგაზრდული ცხოვრება. გორის უნივერსიტეტს ამ მხრივ გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი და მინდა, რომ ეს პოტენციალი მოვახმაროთ ქალაქის განვითარებას. 

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ითანამშრომლებთ საკრებულოში ოპოზიციასთან, მაგალითად “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომლებიც შესაძლოა მსგავს ინიციატივებს აჟღერებდნენ?

საკრებულოში გამოჩნდება ვისთან ვითანამშრომლებთ. ვინც ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისათვის გამოიჩენს დაინტერესებას და იქნება კონსტრუქციული და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში თუ კი დაემთხვევა ჩვენი ხედვები ერთმანეთს, ჩვენ ვიქნებით ღია ყველასთვის. გვინდა, რომ მთელი ჩვენი ძალები მოხმარდეს ქალაქის განვითარებას. საკრებულოში შევდივართ არა იმიტომ, რომ იქ რაღაც დაპირისპირება არსებობდეს, არამედ საკრებულოში არსებული ენერგია და სწორი ხედვები მოვანდომოთ მუნიციპალიტეტის განვითარებას. 

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეთავსებადია უნივერსიტეტის რექტორობის პარალელურად საკრებულოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობა? 

დროის მენეჯმენტი კარგად ვიცი, რადგან ბევრ ფლანგზე მიწევს მოღვაწეობა და არსად ჩავარდნა არ მაქვს. საკრებულოშიც მექნება საშუალება, რომ ჩვენი ინიციატივები დავაყენოთ და მუნიციპალიტეტის განვითარებას შევუწყოთ ხელი. ასე, რომ მე ამის მჯერა. სწორედ ამიტომ მოვიფიქრე და მოვინდომე საკრებულოს წევრობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.