გიორგი ხოჯევანიშვილი უკვე ერთი წელია გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ დაასახელა.
“ქართული ოცნება” ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიის დროსაც და მოსახლეობასთან შეხვედრებისას ხოჯევანიშვილს მათი გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იხსენიებდნენ.
იქამდე, სანამ დეპუტატი გახდებოდა, 2018-2020 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ხოჯევანიშვილის, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის საზოგადოებაში ადაპტაცია. იგი ხშირად ხდებოდა ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი. მას ძირითადათ კლანურ მმართველობაში ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლების მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხოჯევანიშვილის გარეშე არ ხდებოდა.
პოლიტიკური პლატთფორმის შეცვლა მან მას შემდეგ, გადაწყვიტა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ღიად დაუპირისპირდა “ქართულ ოცნებას”.
მისი განცხადებიდან მოკლე ხანში გიორგი ხოჯევანიშვილი, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, გახარიას გუნდს შეუერთდა და მასთან ერთად ახალი პარტია “საქართველოსთვის” დააფუძნა.
ხოჯევანიშვილი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდშიც აქტიურად ჩაერთო. ახლა, უკვე ოპოზიციაში გადანაცვლებული დეპუტატი და ყოფილი გუბერნატორი, გახარიას გუნდის სასარგებლოდ პარტიის სახელით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს. მის ყოფილ თანაგუნდელებს კი მათი პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს.