გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის 2020 წლის აგვისტოდან, მიმდინარე პერიოდამდე შესრულებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელსაც დეპუტატების მხრიდან კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.
აუდიტმა მერიის სამსახურების და ა(ა)იპების კვლევა აწარმოა, რის საფუძველზეც დადო დასკვნა, რომ შემოწმებულ სამსახურებსა და სააგენტოებში თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშები არ არსებობს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კვალიფიციური თანამშრომლების დეფიციტია და სამსახურებს აძლევს რეკომენდაციას, ვაკანსიების გამოცხადების დროს შეიმუშაონ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და თანამშრომლები ამ მოთხოვნების საფუძველზე შეარჩიონ.
შიდა აუდიტის ანგარიშში საუბარია ასევე კადრების დუბლირებაზე, სააგენტოების ბიუჯეტის გეგმის გარეშე ხარჯვაზე და ფუნქცია-მოვალეობების არაეფექტურად განაწილებაზე.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აუდიტის დასკვნის შეფასებისას ამბობს, რომ მერიის ა(ა)იპ-ებში შტატები გადატვირთულია და ოპტიმიზაციის საფუძველზე თანამშრომლების გადახალისება უნდა მოხდეს.
დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ ა(ა)იპ-ები გადატვირთულია თანამშრომლებით. ოპტიმიზაციის საფუძველზე, აუცილებლად უნდა მოხდეს გადახალისება. რთული გადასადგმელი ნაბიჯია, ვიღაცა სახლში გაუშვა. ვფიქრობ, რაღაცა ჯგუფმა უნდა იმუშაოს და ეს ადამიანები ულუკმაპუროდ არ დარჩნენ, გამოეძებნოთ სამსახურები, თუნდაც კერძო სექტორში. ჩვენ რეკომენდაცია უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯვა უნდა იყოს ყაირათიანი და მიზნობრივი.
შიდა აუდიტის საანგარიშო პერიოდში მერიის ორი სამსახურის და ორი სააგენტოს (მერიის ადმინისტრაციული და ეკონომიკის სამსახური, ასევე სტრატეგიული განვითარების და კეთილმოწყობის სააგენტოს) ფინანსური და აუდიტორული ანგარიში მოხვდა.
დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში, ირმა ამბარდნიშვილი ფიქრობს, რომ მერიის შიდა აუდიტი მიკერძოებულია და მხოლოდ იმ სამსახურების და სააგენტოების დარღვევები გამოავლინა, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” პრეტენზია აქვს.
შიდა აუდიტის დასკვნის თანახმად ყველაზე მეტი რეკომენდაცია მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა მიიღო. აუდიტის სამსახურის უფროსი, თამარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ შემოწმების ობიექტები რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც საკრებულომ მოისმინა ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო იყო. კულტურის სააგენტომ საკუთარ ანგარიშში პრობლემებზე ისაუბრა და მერიას მუნიციპალიტეტის მასშტაბით სველი წერტილების მოწესრიგება სთხოვა.
სხდომაზე საკითხები უმრავლესობა უძრავი ქონების პრივატიზებას და კერძო პირებისადმი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ეხებოდა. ამავე სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ გორის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს შეუერთდა.
საკრებულოს სხდომაზე ყველა საკითხმა ხმათა უმრავლესობით დადებითი შეფასება მიიღო და საკრებულომ 21 საკითხი დაამტკიცა.