რა პრობლემები არსებობს გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება? – ამ საკითხებზე სასაუბროდ რადიო “მოზაიკა” ამჯერად პარტიის “გირჩი – მეტ თავისუფლება” ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.
პარტიის წევრების თქმით, ისინი მხარს უჭერენ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციას და ამ გზით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.
ლაშა ჯიოშვილი, სიის I ნომერი
ვინ რაში იღებს ხელფასს? ვინ რისთვის დადის სამსახურში? – საერთოდ ქოსია. რეალურად ამ ა(ა)იპ-ებს მუნიციპალიტეტისთვის არაფერი არ მოუტანიათ, ხარჯის გარდა. შტატებია პირველ რიგში მაქსიმალურად შესამცირებელი. მე მხარს ვერ დავუჭერ პროფესიონალი კადრის სახლში გაშვებას, მაგრამ მომხრე ვარ, რომ პარტიული აქტივი, რომელიც ხელფასის გამოა დასაქმებული ამ ა(ა)იპ-ებში, მოსცილდეს იმ საქმეს, რომლის კომპეტენციაც არ გააჩნია. ა(ა)იპ-ებში შტატების და ბიოროკრატიული ხარჯების შემცირება – ამ საკითხის დაყენებას საკრებულოს პირველივე სხდომაზე ვაპირებ.
ნიკა წიქარიძე, სიის II ნომერი
რა ფორმითაც ა(ა)იპები დღეს მუშაობენ არანაირ შედეგს არ იძლევა და უსამართლოცაა მოქალაქეების მიმართ. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად იქნება კერძო ელემენტები ასეთ მომსახურებებში, როგორიცაა დასუფთავება, ტრანსპორტი თუ წყალმომარაგება, ხარისხიც მოიმატებს და უფრო ღირსეულიც იქნება იქ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობა. დასაქმებულთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, მაგრამ შესრულებული სამუშაო იქნება ბევრად ხარისხიანი. მუნიციპალიტეტიც ბევრი ვალდებულებებისგან გათავისუფლდება და გამოთავისუფლდება დღეს ა(ა)იპ-ებზე გაწწერილი მილიონობით თანხები.
რადიო “მოზაიკას” წარმომადგენლებმა, პარტიის წევრებს ჟურნალისტური გამოძიებებით გამოვლენილი ხარვეზები და მათი მოგვარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიული ხედვის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
გვანცა დოლუაშვილი, “მოზაიკას” დირექტორი
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დავასრულეთ. ის მოიცავს რეკომენდაციებს სამი მიმართულებით – საკადრო პოლიტიკა, საბიუჯეტო თანხების ხარჯვა და ინსტიტუციური გაძლიერება. ყველა რეკომენდციის გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ გაუმჯობესებულ სერვისებს, შემცირებული დანახარჯებით. და რაც ასევე მთავარია, ხელი შეეწყობა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების განვითარებას და გაძლიერებას, რადგან ისინი ეტაპობრივად შეძლებენ დაფინანსების ახალი წყაროების გაჩენას.
რადიო “მოზაიკა” პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის” ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის გასაჯაროებას 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებს. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც არჩევნებში გეგმავენ მონაწილეობას. გასაჯაროების შემდეგ კი, დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ხედვა შემუშავდა გორში მომუშავე იმ ადამიანების ჩართულობით, რომლების წლებია ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის მონიტორინგს ახორციელებენ.