გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის საჭიროება და წინასაარჩევნო პროგრამა – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გორის სათემო რადიო “მოზაიკა” პარტია “ევროპული საქართველოს” გორის მერობის კანდიდატს ეთერ ჯალაღანიას და პარტიული სიის პირველ ნომერს, ვახტანგ მარწყვიშვილს შეხვდა.
“ევროპის ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” კოორდინატორის ნინო ჩიბჩიურის განმარტებით, პარტიებთან შეხვედრის მიზანი არის მათთვის “მოზაიკას” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებების მიგნებების გაზიარება.
“შეხვედრების მიზანია, პარტიებს ერთის მხრივ გავაცნოთ გორის მერიის ა(ა)იპ-ებში აღმოჩენილი ხარვეზები და მეორეს მხრივ, მოვისმინოთ, თუ როგორ აპირებენ ისინი ამ პრობლემების მოგვარებას და ა(ა)იპ-ების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის კვალდაკვალ”.
“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის წევრი და პარტიული სიის პირველი ნომერი ვახტანგ მარწყვიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ა(ა)იპ-ების საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ის ფიქრობს, რომ ამ სამსახურების დიდი ნაწილი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ პარტიული აქტივი დაასაქმოს მმართველმა პარტიამ.
ვახტანგ მარწყვიშვილი, პარტიის სიის I ნომერი
ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში არ ხდება, წინა მთავრობის დროსაც იგივე იყო. ამიტომ ძირფესვიანად არის შესაცვლელი სისტემა. ნეპოტიზმი არის პირველ რიგში მოსაშორებელი, ვიღაც თავის ნათესავს ან პარტაქტივს დაასაქმებს და შემდეგ ეს თანამშრომლები ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას ვერც ქალაქის და ვერც დამსაქმებლის წინაშე. უბრალოდ ხელფასს იღებენ და სრულიად არაფერს აკეთებენ. თუ კონკურსის მეშვეობით შეირჩევიან თანამშრომლები, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის წილიც გაიზრდება.
გორში, პარტიის მერობის კანდიდატი ეთერ ჯალაღანია აცხადებს, რომ ცვლილებები აუცილებელია. იგი ფიქრობს, რომ 11 ა(ა)იპ-ის არსებობა არ არის გამართლებული, რადგან მათი შექმნის საჭიროება სათანადოდ არ არის არგუმენტირებული.
ეთერ ჯალაღანია, მერობის კანდიდატი
თქვენს საგამოძიებო მასალებს გავეცანი, საარჩევნო პროგრამის მონახაზი გვაქვს უკვე და რა თქმა უნდა, ააიპ-ების საკითხი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენი აზრით, ამდენი ააიპ-ი არ უნდა არსებობდეს, ზოგიერთი სამსახური საერთოდ რას წარმოადგენს და რისთვის არის შექმნილი, ვერ ვიგებთ. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ დაასაქმონ თავისი პარტიის გამორჩეული წევრები, რომლებიც კარგად იღებენ მონაწილეობას წინასაარჩევნო პროცესებში.
ევროპის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცისაათვის” პირველ ეტაპზე რადიო “მოზაიკამ” 6 ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო აქტივობების განსაზღვრას და შესაბამისი სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვა და რომელსაც ა(ა)იპ-ების ეფექტიანი რეორგანიზების პოლიტიკური ნება ექნება.