სტატიები

რატომ ვერ ერთვებიან ქალები პოლიტიკაში?

რატომ ვერ ერთვებიან ქალები პოლიტიკაში? – ამ თემაზე ქვეყანაში არაერთი დისკუსია გამართულა. ამ კითხვაზე პასუხები სხვადასხვაგვარია – ზოგი ფიქრობს, რომ სტერეტიპული განწყობების და გედერული როლების გამო, ქალებს თავადვე არ სურთ პოლიტიკაში ჩართვა; ნაწილი კი ამბობს, რომ ქალებს უბრალოდ ამისთვის საჭირო ფინანსები და მხარდაჭერა არ აქვთ.

ეკა სუხიშვილი ერთ-ერთია, ვისაც გორის თვითმმართველობაში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. ის ოთხი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო.


“თანამდებობაზე ყოფნა გაძლევს იმის საშუალებას, რომ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია გქონდა გეგმაში. მიეხმარო უფრო მეტ ადამიანს, შეცვალო რაღაც უკეთესობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება რიგ საკითხებში დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაინც მნიშნველოვანია, რომ ქალი იყოს გადამწყვეტ პოზიციაზე.

ეკა ამბობს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართვა რთულია. მისი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში კაცები ადგენენ და კონკრეტული ქალ(ებ)ის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.

ეკა სუხიშვილი

ვფიქრობ, რომ ქალს უფრო კარგად შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება, ნაკლებად ხისტია, ჰუმანურია და მშვიდობისკენაა მიდრეკილი. გორს ძალიან ბევრი ძლიერი ქალი ჰყავს, რომლებიც არ ჩანან პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი ძალიან საჭირო საქმეს აკეთებენ, არამარტო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მაგრამ აქ ვაწყდებით პრობლემას პოლიტიკას ქვეყანაში კაცები გეგმავენ და სწორედ ისინი წწყვეტენ, სად რომელ ქალს რა დოზით ჩართავენ.

ქალთა გაძლიერებისთვის და პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისათვის, გორის საკრებულოში გენდერული საბჭო არსებობს. მისი წევრი ნანა ედიშერაშვილი ფიქრონს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა მნისვნელოვნად გაზირდება.

ნანა ედიშერაშვილი

გენდერული კვოტებით ქალებს ეძლევათ საშუალება, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში. ამ კუთხით ჩვენი გენდერული საბჭოც მუშაობს და ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ცოტა ხნის წინ, სადაც განვიხილეთ პროექტი “გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოში”, რომლის მიხედვით გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, იმისთვის რომ მომავალი საკრებულო ბევრად კომპეტენტური და ძლიერი იყოს ამ მიმართულებით.

პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაძლიერების კუთხით, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს, თუმცა მათთვის ცვლილებების ტემპი სახარბიელო არ არის. მაგალითად, “ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ელბაქიძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად შედეგი მოლოდინს ვერ ამართებს.

ნინო ელბაქიძე

ვერ ვიტყვი, რომ ეს ცვლილებები, რაც გასულ წელს განხორციელდა კანონმდებლობაში, რაიმე კუთხით დადებითად აისახა საქართველოს პარლამენტზე. ადგილობრივი თვითმმართველობების შემთხვევაში, 2017 წლის არჩევნების შედეგად, დაახლოებით 13,5% შეადგინა არჩეული ქალების რიცხვმა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, ეს არის მრავალი მიზეზით განპირობებული, ერთ-ერთი ძირითადი კი არის სტერეოტიპები, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში დიასახლისი. ასევე არის ინფორმაციის ნაკლებობა ქალებშიც

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იზრდება პროპორციული წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი იქნება შემოღებული. პარტიებს ევალებათ, რომ პარტიულ სიაში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ჩასვან.
.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.