“გორმედის” ქსელის კოვიდკლინიკებში ადგილები აღარ არის.
კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის თქმით, შიდა ქართლში ყოველდღიურად იზრდება კოვიდპაციენტების რაოდენობა. მისი განმარტებით, პაციენტების მიღება სხვა პაციენტების გაწერის ხარჯზე ხდება.
“ამ ეტაპზე, საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერების ხარჯზე ხდება. სწორედ საწოლბრუნვის ხარჯზე ვახერხებთ, რომ მძიმე პაციენტი სტაციონარს მიღმა არ დარჩეს, თუმცა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველანაირი რესურსი სამედიცინო სექტორშიც ამოწურვადია, ეს ეხება როგორც ადამიანურ რესურსს – სამედიცინო პერსონალს, ასევე ტექნიკურ მხარეს, თუნდაც – საწოლფონდს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ, რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვისა და ვაქცინაციისკენ. თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, ეს ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გავითვალისწინოთ, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა შრუბმა.