ისტორიები

შინდისის გმირების ისტორიას მათი ოჯახის წევრები ყვებიან

“მე დიდი რწმენა მაქვს, რომ 21 საუკუნეში, თქვენი თაობა არ დაკარგავს ამ ბიჭებს. იმედი მაქვს, რომ არ დაივიწყებთ მათ გმირობას“, – ამბობს დავით დვალიშვილი, მიხეილ დვალშვილის მამა. 


სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთის მრავალრიცხოვან არმიასთან შეტაკების დროს დაღუპულ 17 გმირს შორის, ერთ-ერთი კაპრალი მიხეილ დვალიშვილი იყო. ის სენაკის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა. ოჯახისთვის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ როგორც გმირის მამა გვიყვება, დედა 6 თვე კომაში იყო ჩავარდნილი, მერე კი მონასტერში წავიდა. დავით დვალიშვილის სურვილია, რომ ახალგაზრდებმა არასოდეს დაივიწყონ ის, რასაც მისი შვილის სიცოცხლე შეეწირა.

“მეც სამხედრო ვიყავი და მიშიკოსაც ძალიან უნდოდა ჩემს გზას გაჰყოლოდა. პირველ კლასში ფორმით წავიდა სკოლაში, ჩემი ფორმისგან შეაკერინა დედამისს. დრო ვიცოდი, როცა უნდა დამერეკა, გავიდა ზარი და მითხრა მამიკო, მოვდივართ უკვეო, სად ხართ მამიკო – მეთქი და სად ვართო და ჩვენო ტყეში ვართო და რუსეთი ბომბავს, ასწორებს ყველაფერს ცხინვალშიო. ხომ ვიცი, რომ ომი შეჩერებულია და ბავშვმა ეს მითხრა. ეს იყო და ეს… მის შემდეგ მიშიკოს ხმა აღარც გამიგონია. მეუფე ანტონის დახმარებით უწმინდესს შევხვდით. მედიკოს, ჩემს მეუღლეს გულში ჰქონდა ჩახუტებული მიშიკოს სურათი და რომ შეახედა მედიკომ ფოტოზე, პატრიარქმა ტირილი დაიწყო, ეს იყოვო, ჩემი ხელით ავიყვანე ესო. ზუსტად ისე იყო ომში წასული, როგორც ამ ფოტოზეა გადაღებულიო. წლებია მიშიკოს ოთახში არ შევდივარ, ძალიან ძნელია, არ შევდივარ…“, – გვიყვება დავით დვალშვილი.

10 წლის წინანდელი ისტორიის გახსენება უჭირს ნაცი კაცაძეს. ის ზვიად კაცაძის დედაა 

“მეამაყება, რომ ხუთი შვილიდან ერთი მაინც გავუზარდე სამშობლოს გმირად. მიჭირს რეალობასთან შეგუება, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სიკვდილზე მეტად გარდასახვა უფრო იყო. ჩემი შვილი 11 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაიბადა, ამჯერად მისი სიცოცხლე მარადიული იქნება“, – ამბობს ზვიად კაცაძის დედა, ნაზი კაცაძე.

კაცაძის ოჯახში ამბობენ, რომ ზვიად ბევრი ოცნება ჰქონდა. აგვისტოს ბოლოს ცოლის მოყვანასაც გეგმავდა, რაც ომმა არ დააცადა.

“როგორც ადგილობრივები მომიყვნენ, დაჭრილი ყოფილა და შველას ითხოვდა, დიშვილსაც ურეკავდა თურმე სისხლისგან ვიცლები მომხედეთო. მაგრამ მერე რუსებს ჩაუცხრილიათ მანქანაში. შინდისელებს როდესაც უნახავს, უკვე გარდაცვლილი ყოფილა. 3 დღე ვეძებდით. მოძღვრებს გადაუყვანიათ მიცვალებულები და მეზობლებმა დამირეკეს, ჩამოდი დაჭრილი მოყავთო. რომ ჩამოვედი სახლში, მაშინ გავიგე, რომ აქაური ბიჭები ერთად გადმოუსვენებიათ…ჩემი შვილი რომ იტანჯებოდა, იმ ღამეს მეც ცუდათ ვიყავი, რა ვიცოდი, თურმე სისხლისგან იცლებოდა…  მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა, მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ გმირის დედა მქვია. მიხარია, რომ ზვიადისნაირი ვაჟკაცი გავუზარდე ქვეყანას“, – ამბობს ნაზი კაცაძე.

შინდისის კიდევ ერთ გმირს, 33 წლის ილია გაბუნიას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახმა ის ბოლოს 3 აგვისტოს ნახა. როგორც ოჯახში იხსენებენ, ნათესავებს ტელეფონით აიმედებდა, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა და შინ უვნებელი დაბრუნდებოდა. მეუღლეს მისი სიტვების 10 აგვისტომდე სჯეროდა. 11 აგვისტოს კი  თეას აცნობეს, რომ ილია შინდისთან ბრძოლაში დაიღუპა.

“მეამაყება, რომ ვარ გმირის მეუღლე. მან შესწირა თავი სამშობლოს და მეამაყება, რომ ვუზრდი სამ შვილს. ალბათ მამამისივით თავდადებული იქნებიან მისი შვილებიც. თუ დასჭირდება სამშობლოს, დაიცავენ ისინიც. პატრიარქის დახმარებით ჩამოასვენეს 17-ში სახლში. ეს ორ-მეტრიანი კაცი, რომ წავიდა ომში, როგორი ჩავდეთ მიწაში, არ ვიცი. ის არ გავდა თავის თავს. დავკარგე ჩემი სიცოცხლე ილიას სახით და მას საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე ვიგლოვებ. ვამაყობთ… ის არის გმირი და მწამს, არ დაივიწყება ამას ქართველი ერი“, – ამბობს თეა გაბუნია.

აგვისტოს ომს ბევრი გმირი ჰყავს. მათ შორის არის შინდისის 17 გმირი, რომლებსაც სხვა დანარჩენებისგან, საკუთარი მამაცობით გამოარჩევენ. ყველა მათგანი მტერს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე უწევდა წინააღმდეგობას.

17 მეომარი, შინდისის ძველ რკინიგზის სადგურთან, ასობით რუსის ალყაში მოექცა. ისინი ტყვია-წამლის გამოლევამდე იბრძოდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რუსები გაოგნებულები დაჰყურებდნენ 17 ვაჟკაცის უსულო სხეულს და ამბობდნენ, ნუთუ მხოლოდ ესენი გვებრძოდნენ და გვიწევდნენ წინააღმდეგობასო. მათ გაოცება ვერ დამალეს, როდესაც შეიტყვეს, რომ 17-მა ქართველმა თითქმის მთელი არმია გაანადგურა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.