მემკვიდრეობის გადანაწილება საქართველოში ხშირად უსამართლოდ ხდება. მშობლების უძრავი ქონებას დიდწილად ბიჭებს უტოვებენ, გოგონები კი საკუთრების გარეშე რჩებიან. ამ მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა სოფლებში, რადგან იქ ქალების ნაწილმა არც კი იცის, რომ მემკვიდრეობაზე პრეტენზიის გამოთქმის კანონიერი უფლება აქვთ.
ფხვენისში მცხოვრები ნათია სიდამონიძე ამ საკითხზე ხშირად ესსეებს წერს. მიზანი, როგორც თავად ამბობს, ქალთა ცნობიერების ამაღლებაა. ამ თემაზე ხშირად საუბრობს საკთარ თემში მცხოვრებ ქალებთან და ცდილობთ მათ საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს.
„ხშირად ვატარებდით ხოლმე ტრენინგებს მე და ჩემი მეგობრები ამ საკითხზე და ყოველთვის უკვირდათ, როგორ შეიძლებოდა რომ მაგალითად, და-ძმას თანაბრად მიეღოთ ოჯახიდან მემკვიდრეობა. ეს საკითხი კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას იმ ქალებს, რომელთა ქორწინებაც წარმატებული არ აღმოჩნდა”.
ქალებს, რომლებსაც საკუთარი სახლი არ აქვთ, უჭირთ ოჯახის დანგრევა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი იძულებულები არიან, ცხოვრებას მოძალადე კაცის გვერდით გააგრძელონ.
“სხვა შემთხვევაში ქალი, შეიძლება ითქვას, რომ ქუჩაში დარჩეს. ვერც მეუღლისგან ითხოვს წილს და ვერც ოჯახში ბრუნდება. საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების წყალობით, ქალს არც კი აქვს იმის სურვილი, რომ ქონებრივი უფლებებისთვის იბრძოლოს. არადა, სულ სხვანაირად ხდება სამართლებრივად, რადგან კანონით, ქონება თანაბრად ეკუთვნის როგორც ბიჭს, ისე გოგოს”.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თეა თედლიაშვილი ფიქრობს, რომ სტერეოტიპული მიდგომის გამო, საქართველოში კანონმდებლობა უგულებელყოფილია.
“კანონში არსად წერია, რომ ქონება ეკუთვნის მხოლოდ ბიჭს ან გოგოს. წერია, რომ შვილებს გადაეცემათ. ის მიდგომა, რომ მშობლები თავის ძირითად მემკვიდრედ უმცროსს ბიჭს ან და-ძმის შემთხვევაში, ძმას თვლიან, იმ სტერეოტიპის ბრალია, რაც თავადვე ჩამოაყალიბეს ჩვენმა მშობლების თაობამ და ეს იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ფეხმოკიდებულია საზოგადოებაში. სწორედ ამის ბრალია, რომ თავად გოგოებსაც ეს ნორმად მიაჩნიათ და არ გამოთქვამენ პრეტენზიას ქონებაზე”, – ამბობს თედლიაშვილი.
გარდა მემკვიდრეობის მიღებაზე პრეტენზიის არგაცხადებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც დები ძმებს საკუთარი ნებით სრულად უთმობენ მშობლების ქონებას და ამას დამკვიდრებული წესის პატივისცემას ეძახიან.
„უპირატესობა ისევ ენიჭება კაცს და ქონების გადანაწილებისას ქალები ისევ რჩებიან მემკვიდრეობის გარეშე, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ქალები ნაკლებად არიან მიწის ან უძრავი ქონების რეგისტრირებული მფლობელები. ხშირია შემთხვევები, როდესაც თავად ქალები ამბობენ უარს მემკვიდრეობაზე და ქონებას უთმობენ ძმებს”, – ამბობს ანა ლობჟანიძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
მისი აზრით, ცვლილებების მიღწევისთვის სტერეოტიპებთან ბრძოლის გარდა, მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება კანონის და მის წინაშე ადამიანების თანასწორობის შესახებ.