ტექნოლოგიებისა და ონლაინ სერვისების განვითარებასთან ერთად, იმატა ინტერნეტბულინგის შემთხვევებმაც. კვლევების მიხედვით, განსაკუთრებით ხშირია ბულინგი და შანტაჟი გოგონების მიმართ. ისინი საუბრობენ საკუთარ მაგალითებზე, თუ როგორ გახდნენ სოციალურ ქსელში აგრესიის მსხვერპლნი, განსახვავებული მოსაზრების დაფიქსირების ან პირად გვერდზე გამოქვეყნებული კონტენტის გამო.
ნიცა ოქრუაშვილი ერთ-ერთია, ვინც მსგავსი შემთხვევების მსხვერპლი გახდა. მისი აზრით, საზოგადოების ნაწილი, აგრესიის გამოვლენით ცდილობს, სხვა ადამიანებისთვის უპირატესობის დამტკიცებას.
“ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა ჩემს მიმართ, როცა ერთ-ერთი გოგონაზე დავწერე ისტორია, რომელიც იყო ანონიმური, თუმცა საზოგადოების ნაწილი აგრესიულ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა. ზოგიერთი პირადშიც მწერდა და ცდილობდა ჩემს დაჩაგვრას. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან განვიცადე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო საზოგადოების პრობლემა და არა ჩემი”, – ამბობს ნიცა.
ნიცა ფიქრობს, რომ ინტერნეტბულინგის თავიდან ასაცილებლად, გოგონებმა უნდა გაფილტრონ სოციალურ ქსელში არსებული მეგობრები, მაქსიმალურად მოერიდონ უცხო ადამიანების დამეგობრებას და არ გახსნან საეჭვო ლინკები.
ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საზოგადოება უკეთ უნდა გათვიცნობიერდეს ინტერნეტის შესაძლებლობებში. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე უნდა ჰქოდეთ ინფორმაცია, როგორ მოიქცნენ ონლაინ სივრცეში.
ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ლილი ფულარიანი ამბობს, რომ ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების პარალელურად, საზოგადოება არ ფლობს სრულ ინფორმაციას ციფრულ და ონლაინ სამყაროზე, რის გამოც, ხშირია არასასურველი კომუნიკაციები და ბულინგის შემთხვევები.
“მთავარი პრობლემა არის ის, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მათი შვილები დაიცვან ინტერნეტბულინგისგან. უნდა გვქონდეს გათვიცნობიერებული, რომ ჩვენი შვილი შეიძლება გახდეს ინტერნეტში სექსუალური შევიწროვების ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, ბავშვებისთვის ან მოზარდებისთვის სოციალური ქსელის ან სხვა ინტერნეტ პლატფორმის აკრძალვა არ არის გამოსავალი. მშობელმა უნდა აუხსნას, რა საფრთხეეები შეიძლება არსებობდეს”, – ამბობს ლილი ფულარიანი.
მისი აზრით, მნიშვნელოვანია მშობელი სარგებლობდეს ნდობით და შვილმა იცოდეს, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს მისი დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს.
ლილი ფულარიანი, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი
თუკი მოზარდი გახდა რაიმე ფორმით ინტერნეტში ბულინგის მსხვერპლი, ხშირად ამ პრობლემის მოგვარებას მეგობრების დახმარებით ცდილობენ, მშობლებს არ ეუბნებიან ამის შესახებ. ამიტომ საჭიროა მშობელმა მეტი ნდობა დაიმსახუროს შვილისგან და ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის საქმის კურსში იყვნენ. თავად მშობლებმაც უნდა აკონტროლონ, რა სახის კონტენტს გამოაქვეყნებენ სოციალურ ქსელში თავისი შვილის შესახებ. ხშირია შემთხვევა, როცა დედა დებს თავისის შვილის ფოტოს სკოლასთან გადაღებულს, სადაც ჩანს მისი ადგილმდებარეობა, როდის მიდის და როდის ასრულებს გაკვეთილებს, ამით სარგებლობა მარტივად შეუძლია პოტენციურ მოძალადეს
კიბერუსაფრთხოებაზე და ინტერნეტბულინგზე საუბრისას, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ტაბატაძის თქმით, მათი სკოლა არაერთ კონფერენციაში მონაწილეობდა, სადაც მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაეხმარონ მოსწავლეებს, მათ შორის გოგონებს, რათა თავიდან აიცილონ ინტერნეტბულინგი.
მარინა ტაბატაძე, სკოლის დირექტორი
პედაგოგებმა იციან, რომ ყურადღება უნდა მიაქციონ მოსწავლის ხასიათის ცვლილებას, მათ ქმედებებს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება, თუკი ასეთი შემთხვევა მოხდება მოსწავლესთან. ნებისმიერი ბულინგის დროს, ბავშვების ხასიათი იცვლება და ეს ხშირ შემთხვევაში თვალსაჩინოდაა გამოხატული, რაზეც აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს სკოლამ, მშობლების ჩართულობით. სკოლა უნდა ეცადოს პრევენციული ზომების მიღებას, ვიდრე ასეთი ფაქტი დადგება, კარგი იქნება, რომ სხვადასხვა აქტივობებით მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია, რა არის ოჯახში ძალადობა, კიბერუსაფრთხოება და ინტერნეტბულინგი
საგანმანათლებლო სფეროში მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ მთლიანობაში, ძალადობისგან გოგონების დაცვას მხოლოდ სკოლა ვერ შეძლებს და მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობაც.