სტატიები

ქალების ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში და სოციალური პროგრამების მიღმა დარჩენილი მათი საჭიროებები

გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ნაწილი სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. ოჯახების ძირითადი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო პროგრამები მათ საჭიროებებს არ პასუხობს.

მზია ზოზიაშვილი გორში, 3 შვილთან, მეუღლესთან და რძალთან ერთად სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. რამდენიმე წელია, რაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მისი ოჯახის შემოსავალი მთლიანად სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.

მზიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ერთჯერად დახმარებებს პერიოდულად იღებს, ძირითად საკვებ პროდუქტებს.

“ახლა სააღდგომოდაც მოგვიტანეს სხვადასხვა პროდუქტი, რისთვისაც მადლობელი ვარ, ადრე ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მედიკამენტებისთვის 100 ლარითაც დამეხმარნენ”, – ამბობს მზია.

მზია გვიყვება, რომ სოციალურ პრობლემებთან შეჭიდება ყოველდღიურად რთული ხდება. მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გართულდა, რადგან ქვეყნაში მძიმე ეკონომიური ფონია.

“ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ბავშვებს ბევრი რამ უნდათ და ვერ ახერხებ, რომ მათი ელემენტარული სურვილი და თხოვნა დააკმაყოფილო. ბავშვი რომ პედაგოგთან ატარო ან რაიმე სხვა წრეზე და არ გაქვს ამის საშუალება. ჩემს პატარა გოგონას უნდოდა ცეკვაზე სიარული, მაგრამ ვერ გადავიხადე საფასური და იძულებული გავხდი გამომეყვანა”, -გვითხრა მზიამ.

გორში სოციალურად დაუცველ დედებს საზოგადოება „ბილიკი“ ეხმარება. ნანა ბერიძის ინფორმაციით, მათ შვილებთან ერთად საკვებსა და შემოწირულ ტანსაცმელს პერიოდულად აწვდიან.

ნანა ბერიძე, საზოგადოება “ბილიკი”

2 დღის ცენტრი გვაქვს „ბილიკში”, თითოეულში 30-მდე ბავშვი ირიცხება. მშობლებისთვის, რომელთა შორის უმრავლესობას დედები წარმოადგენენ, გვაქვს ხოლმე ტრენინგები და ვასწავლით მათ, ამ სოციალური ფონის პარალელურად, როგორ უნდა აღზარდონ შვილები. როგორ მოქმედებს კრიზისული ვითარება მათზე და ბავშვებზე და როგორ უნდა ვმართოთ ასეთი სიტუაციები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს მათ მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ, ჩვენი რესურსების შესაბამისად.

სოციალურად დაუცველ დედები და მათი შვილები სახელმწიფოსგან დახმარებას პერიოდულად იღებენ. მუნიციპალიტეტი კი მათ თანხით მხოლოდ ერთჯერადად ეხმარება.

გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ვერიკო ბიწაძე სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლებზე აკეთებს აქცენტს, რომლებსაც მისი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.

გორის მუნიციპალიტეტში 130-მდე მარტოხელა მშობელია რეგისტრირებული. თითქმის ყველა მათგანი დედაა. ყოველშემთხვევაში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მამებს გორის მერიისთვის ამ დრომდე არ მიუმართავთ.

ვერიკო ბიწაძე, გორის მერიის წარმომადგენელი

მოქალაქე აუცილებელია იყოს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ჰქონეს შესაბამისი სტატუსი სოციალურად დაუცველის და მარტოხელა მშობლის. ბავშვები უნდა იყვნენ 18 წლამდე ასაკის. 0-დან 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა უნდა ჰქონდეს. ასეთ მშობლებს 500 ლარით ვეხმარებით. შემდეგ მოდის 70 ათასიდან 150 ათასამდე, ასეთ კატგორიას ვეხმარებით 200 ლარის ოდენობით.

სოციალურად დაუცველი ქალები ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტმა მათზე მორგებული სხვა სოციალური პროგრამებიც უნდა შეიმუშაოს და ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები გაითვალისწინოს.

ქალების ნაწილი და მათ შორის მზია ზოზიაშვილი მსგავსი სერვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მათი განმარტებით, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ქალებს ყოველდღიურად არაერთ პრობლემასთან უხდებათ გამკლავება. გორის სოციალურ საცხოვრისში მზია ზოზიაშვილთან ერთად, ამ დროისთვის 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

პროექტს რადიო “მოზაიკა” “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგები