ახალი ამბები

გორში ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს 

სამართალდამცავებმა თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.


ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა,  1995 წელს დაბადებული კ. ს., 1997 წელს დაბადებული ნ. ჭ., 1990 წელს დაბადებულ დ.ფ., 1999 წელს დაბადებულ ლ.ქ. და 1995 წელს დაბადებულ გ.ქ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.

ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10 500 ლარს. სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

დატოვეთ კომენტარი