ახალი ამბები

რა თანხებს ხარჯავს გორის მერია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის?

2021 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის თანხა გაზრდილია.

ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის, წელს ჯამში 119 ათასი ლარია გათვალისწინებული.

“გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა 100 ათას ლარამდეა გაზრდილი”, – წერია საჯარო ინფორმაციაში.

ცალკე მუხლშია წარმოდგენილი მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება, რომელიც 2020 წლის მსგავსად, წელსაც 0 ლარითაა წარმოდგენილი (საბიუჯეტო კოდი 06.05.16). ამ კატეგორიის მოქალაქეთათვის გასაწევი დახმარება მერიის განმარტებით, სხვა მუხლებშია გათვალისწინებული.

სოციალური პროგრამის ნაწილში კი, უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანების დახმარებისათვის სახსრები 2 სხვადასხვა მუხლშია წარმოდგენილი.

დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქეთა ქირით უზრუნველყოფის, ერთჯერადი ფულადი დახმარება 2021 წლისთვის, წინა წელთან შედარებით, 110 ათასიდან 119 ათას ლარამდე გაიზარდა.

სოციალური სამსახურის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ქირის თანხით ეხმარებიან 100-ზე მეტია. ხოლო 15-მდე პირი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება, სათანადო დოკუმენტაციის არქონის გამო, პროგრამით სარგებლობას ვერ ახერხებს.

2021 წელს მთლიანად, სოციალური უზრუნველყოფისთვის (სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული ადამიანების დახმარება) განსაზღვრული თანხა 50 ათას 700 ლარითაა გაზრდილი და 1 მლნ 629 ათას 500 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი