გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულმა თეატრმა 176 სეზონი სპექტაკლით „ვაჟიშვილი“ დახურა. როგორი იყო თეატრისთვის და დასისთვის განვლილი ერთი წელი – პანდემიის პერიოდს მსახიობები, სამხატვრო ხელმძღვანელი და მაყურებლები აფასებენ.
ერისთავი თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ პანდემიის გათვალისწინებით, დასისთვის ეს წელი ნაყოფიერი იყო. ამ პერიოდში, თეატრს სამი პრემიერა ჰქონდა. ასევე, მოეწყო საგამოფენო სივრცეები.
“პანდემიის პერიოდში, თუ ვინმემ რამე გააკეთა, იყო გორის თეატრი, გასვლითი სპექტაკლით დაწყებული, მუზეუმით დამთავრებული, იგივე ვიდეოსპექტაკლები, ყურებადიც იყო, მითუმეტეს საბავშვო სპექტაკლები. არ მოვწყდით მაყურებელს, მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვაქტიურობთ, მათთან კომუნიკაციაში“.
პანდემიას თანმდევი გამოწვევებიც ახლდა. ერთ-ერთი ასეთი, ღია სივრცეში თამაში იყო. დასმა, პანდემიის პერიოდში, ღია სივრცეში რამდენიმე სპექტაკლი ითამაშა, მათ შორის უფლისციხეშიც.
დავით ჩხარტიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი
“პირადად ჩემთვის, უდიდესი გამოწვევა იყო “ვაჟიშვილი”, რომელიც მივუძღვენი შვილებს. ამ სპექტაკლს ვდგამდით ერთი წლის განმავლობაში. მგონია, რომ რეჟისორი იმიტომ უნდა დგამდეს სპექტაკლს, რომ სათქმელი აწუხებს. ერთ დღეს, სახლში მივედი და ვთქვი, რომ გორში მივდიოდი და ბავშვმა იტირა, შენ ჩემზე მეტად გორი გიყვარსო და მივხვდი, რომ სწორედ ამაზე უნდა დამედგა სპექტაკლი. ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიურია“.
სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ პანდემიამ ადამიანები ბევრ რამეზე დააფიქრა – ახალი ემოციები, სადარდებლები და საფიქრალები მოიტანა. ეს ყველაფერი კი შემოქმედი ადამიანებისთვის შეიძლება არაერთი საინტერესო და წარმატებული ნამუშევრის შექმნის წინაპირობა იყოს.
“ჩაკეტილი ხარ და ვერ გადიხარ, ეგ უკვე სათქმელია. ამ ჩაკეტილობამ ისეთი შეგრძნებები მომცა, რომ ვიცი ამ შეგრძნებებით შემდეგი სპექტაკლები რა იქნება. ამას არ ვარქმევ დაკარგულ დროს, შეგროვების პერიოდი იყო ეს ჩემთვის, ნებისმიერი ცუდი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ“.
თამაშის სურვილი და მონატრება
ემოციები დაუგროვდათ მსახიობებსაც – მათ, ვინც პანდემიის გამო, თვეების განმავლობაში ვერ ხვდებოდა მაყურებელს.
“იყო მონატრება, მაგრამ ამ დროს უფრო მეტი ენერგია გემატება, რომ უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვიო მაყურებელში. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დაძაბული ვითარება, ჩვენ არ ჩამოგვიყრია ხელები და არ გადაგვიდია სპექტაკლზე მუშაობა”, – იხსენებს ერისთავის თეატრის მსახიობი გიორგი გოგუაძე.
დასი პანდემიის თანმდევი რეგულაციების მოხსნას მომზადებული შეხვდა – თეატრების გახსნიდან მალევე, მსახიობები მზად იყვნენ ახალი სპექტაკლებში სათამაშოდ.
გიორგი გოგუაძე, მსახიობი
“მოიხსნა თუ არა გარკვეული შეზღუდვები, ჩვენ პრემიერებით წარვსდექით. ძალიან რთულია, როდესაც მუშაობის, რეპეტიციის პროცესში გაჩერებენ, მერე ისევ იწყებ და ისევ გაჩერებენ. რთული იყო, მაგრამ გამოვიდა. წარმატებით დაიხურა სეზონი და კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს”.
ერთი წლის განმავლობაში თეატრმა ოთხი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.
ზვიადი მაღალაშვილი, დასის ხელმძღვანელი
“თეატრმა აიღო დურუჯი; საუკეთესო მუსიკისთვის მერი ბეროშვილმა მიიღო ჯილდო; მარიამ არღუთაშვილმა მეორე ხარისხოვანი როლისთვის მიიღო ჯილდო და საუკეთესო ქალი მსახიობი გახდა ქეთი ლუარსაბიშვილი. ამ პირობებში რომ ამდენ რაღაცას აკეთებს თეატრი, ეს ნამდვილად წლის ღირსეული დახურვაა“.
მეტი, ვიდრე თეატრი
პანდემიის პირობებში, თეატრში მოეწყო ახალი სივრცეები. დასის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სპექტაკლების და რეპეტიციების შეჩერებამ ხელი შეუწყო ტექნიკური საკითხების მოგვარებას.
“ჩვენთან ნახავთ ახალ სივრცეებს – მუზეუმს, რომელიც გაჩერებულმა თეატრმა გააკეთა. ჩვენი, მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის ჩართულობით მოხდა ამ სივრცეების მოწყობა“, – თქვა მაღალაშვილმა.
პანდემიის პირობებში ერისთავის თეატრმა ახალი პროექტიც დაიწყო – ვიდეოსპექტაკლების ატვირთვა სოციალურ ქსელებში. პროექტი მაყურებლის ნაწილმა შეიყვარა, თუმცა ნაწილი მაინც თეატრების გახსნის მოლოდინში იყო.
ავთანდილ ტიტვინიძე, მაყურებელი
“სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი ასეთ გზას თუ მიმართავდნენ. მეგონა უბრალოდ გაჩერდებოდნენ. სასიამოვნო იყო ასეთი სწრაფი რეაგირება რომ მოჰყვა თეატრისგან და მოინახა ალტერნატიული გზა, მაგრამ იმ გრძნობას, რასაც სცენის წინ განიცდი, ონლაინ ვერ მიიღებ”.
თამარი 12 წელია, რაც თეატრის ერთგული მაყურებელია, ნანახი აქვს თითქმის ყველა სპექტაკლი. ამბობს, რომ შეზღუდვების დროს ყველაზე მეტად დარბაზის სუნი და სპექტაკლის თანმდევი ემოციები ენატრებოდა.
თამარ მჭედლიშვილი, მაყურებელი
“პანდემიის დროს განსაკუთრებით მაკლდა თეატრი, ემოციები, დარბაზის სუნი და ის განცდა, რომელიც ყველა სპექტაკლის შემდეგ მაქვს ხოლმე”.
გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი მაყურებელს სამი პრემიერით დაუბრუნდება.
- ფლორიან ზელერის ,,მამა”; რეჟისორი : დავით ჩხარტიშვილი
- არტურ მილერის ,,სეილემის პროცესი’’; რეჟისორი: დავით ჩხარტიშვილი
- უილიამ შექსპირის ,,ვენეციელი ვაჭარი’’; რეჟისორი : გოგა თავაძე
“იქამდე კი, წინ რეგიონალური თეატრების ფესტივალია. ამის შემდეგ ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, რათა ახალ სეზონს ღირსეულად შევხვდეთ”.