პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაცია ოფიციალურად დააფუძნა – აირჩია თავმჯდომარე და გამგეობის 7 წევრი.
შეხვედრაზე პარტიის ამომრჩევლებმა ჯერ ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს; შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დასაწყისში განმარტა ის იურიდიული საფუძველი, რამაც მათ საშუალება მისცა ოფიციალურად დაეფუძნებინათ გორის ორგანიზაცია:
“მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 100 ამომრჩეველი გვყავს. აქედან, გორში ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნებისთვის საჭიროა 110 წევრის ყოლა. დღეისთვის, გორში ფიქსირდება 142 რეგისტრირებული წევრი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფუძნოთ ადგილობრივი ორგანიზაცია. იმისთვის, რომ კვორუმი შედგეს 36 დელეგატი უნდა ესწრებოდეს; შეხვედრას ესწრება 50 წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ კონფერენცია”, – განაცხადა მედეა მეტრეველმა.
ფარული კენჭისყრის შედეგებით, პარტიის 50-მა წევრმა მხარი დაუჭირა იმას, რომ გორის ორგანიზაციის გამგეობის წევრები გახდნენ შემდეგი პირები:
- სოფიო გურგენაშვილი;
- ნარიმან ბეჟანიშვილი;
- რევაზ გოგიაშვილი;
- ვეფხია კასრაძე;
- პაპუნა კობერიძე;
- ფიქრია კუხიანიძე;
- ილია ძამაშვილი.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, აღნიშნულმა 7-მა პირმა, პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ პაპუნა კობერიძე აირჩია.
“მოვდივარ სტუდენტობის პერიოდიდან, თავიდანვე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი ჩართული. ყოველთვის იქ ვიყავი, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. არასოდეს არ მიღალატია ჩემი პრინციპებისთვის და ჩემი გუნდისთვის, რომელთან ერთადაც 10 წელია მოვდივარ” , – განაცხადა პაპუნა კობერიძემ.
მისივე თქმით, პარტიას გორში ისევ ექნება ოფისი, რომელიც წინასაარჩევნოდ აქტიურ რეჟიმში იმუშავებს.