სტატიები

სადაც პარტია გადაწყვეტს, იქ ვიქნები – ინტერვიუ გორის მერთან

2017 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილია. მერობის ვადა მას რამდენიმე თვეში ეწურება. 

როგორ შეაფასებთ მერობის პერიოდს? რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გაეცით?

მინდა გითხრათ, რომ მე თითქმის ჩემი დაპირებების 95% შესრულებული მაქვს და ამით ძალიან ვამაყობ. მე და ჩემი გუნდი, რომელიც გვერდზე მიდგას, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ დაპირება დაპირებად არ დარჩენილიყო და ყველაფერი შეგვესრულებინა.

შემონახული გვაქვს ბროშურა, სადაც გორელებს 24 პროექტის განხორციელების პირობას აძლევთ. ყველა მათგანის შესრულება მოასწარით? მათ შორის იყო 10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ჭაბურღილების მოწყობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, გორში ნაგავსაყრელის დახურვა და ა.შ. რა ეტაპზეა ეს პროექტები?

ჩვენ 33 ახალი მოედანი მოვაწყეთ. რეაბილიტირდა 12 მოედანი და ძალიან მიხარია, რომ ეს თემა გახდა მოთხოვნადი. ასევე ჩვენ მოვაწყეთ 39 დასასვენებელი სივრცე, პარკი, 4 ახლაც მიმდინარეობს და მომავალშიც იგეგმება 23 დასასვენებელი სივრცის გაკეთება. ქალაქში არცერთი დასახლება აღარ დაგვრჩა სარეაბილიტაციო. სადაც საჭირო იყო რომ გაკეთებულიყო სანიაღვრე არხები, გაკეთდა, ასევე მინდა გითხრათ, რომ კანალიზაციაც რომ არ იყო სადგურის დასახლებაში, მთლიანად ახალი კანალიზაცია გაკეთდა.ევრ სოფელში მოეწყო ჭაბურღილები. არცერთი სოფელი აღარ არის დარჩენილი წყლის გარეშე, შეიძლება რაღაც უბნები იყოს, სადაც ვერ მიეწოდება 15 ოჯახს, ან 20 ოჯახს, მაგრამ ამაზეც ვმუშაობთ.

წინასაარჩევნოდ, თქვენ საუბრობდით, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემა, რომელიც დაამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს შეწყდებოდა, თუმცა ქალაქის ცენტრში ამ დრომდე არაერთი მრავალკორპუსიანი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს, რეალურად არსებობს გეგმა, სად უნდა გაიცეს სამშენებლო ნებართვები და სად – არა?

ქალაქის განვითარების გეგმაზე ჩვენ ცალკე გვაქვს გადახდილი დაახლოებით 400 ათასი ლარი და ბოლო სტადიაზე ვართ უკვე მისულები. აქ პოლონეთის ჯგუფიც იყო ჩართული, რომელიც გვეხმარებოდა ამ საკითხის მოგვარებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე გავალთ ბოლოში. ახლა კი, როდესაც ჩვენ ვასხვისებთ აქტივებს, იმასაც ვითვალისწინებთ, იქ რა უნდა გაკეთდეს და რა – არა. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, სად უნდა აშენდეს მრავალსართულიანი კორპუსები და სად უნდა აშენდეს კერძო ბინები. ამ მხრივ ძალიან წინ ვართ წასულები ბოლო 2 წლის განმავლობაში. ყოველ პარასკევს ჩემთან შემოდის არქიტექტორი, განვიხილავთ პროექტებს და საშუალოდ 15 პროექტის დამტკიცებას ვახერხებთ კვირაში.

ბხომ არ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ტერიტორიები, სადაც გორის მოსახლეობა ახალი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას უნდა ელოდოს?

ეს ძირითადად წმინდაწყლის დასახლებაშია. დიდი სუპერმარკეტის უკან გაიცემა ნაკვეთები და ხდება მათი კონკურსის წესით გასხვისება. არ არის გამორიცხული, რომ აქ ვიხილოთ მრავალსართულიანი ბინები.

2017 წელს გორს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თუ ქმნიდა ეს გარკვეულ პრობლემებს და როგორ უნდა დაიბრუნოს თქვენი აზრით გორმა ეს სტატუსი?

სტატუსის ჩამორთმევას ხელი არაფერში არ შეუშლია. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომ აღარ ყოფილიყო ორი გამგებელი, შტატების ოპტიმიზაცია მომხდარიყო და ეს თანხები სხვა რამეში წასულიყო.

თუმცა ამ პროცესმა გამოიწვია ბიუჯეტების გაერთიანებაც. უკეთესი ხომ არ იქნებოდა ქალაქს თავისი ბიუჯეტი ჰქონოდა და მუნიციპალიტეტს თავისი?

ამას არავითარი ცუდი შედეგი არ გამოუღია. როდესაც ჩვენ სოფლისთვის და ქალაქისთვის ვგეგმავთ რაღაცის კეთებას, ბიუჯეტში თანხები არის განაწილებული თანაბრად. გაერთიანებამდე თუ 20-20 მილიონი იყო ქალაქზე და სოფლებზე, ეხლა ჩვენ ასული ვართ 62 მილიონზე.

რამდენად დამოუკიდებელი თვითმმართველობა გვაქვს დღეს და ამ 4 წლის განმავლობაში, რამდენად დამოუკიდებელი იქყავით გადაწყვეტილებების მიღებისას?

როდესაც რაღაცას გავდიოდი, ამას ვაკეთებდი ჩემს გუნდთან ერთად, რასაც შემდეგ ვაგზავნიდით საკრებულოზე.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყავით?

შეიძლება იყო გარკვეული რეკომენდაციები, რომელიღაც პირების მხრიდან. ეს ერთად განგვიხილია, მაგრამ ზეწოლა და მსგავსი ფაქტები არ ყოფილა არასდროს.

თუ არსებობს ინსტიტუტი, რომლის რეკომენდაციას მეტი წონა და გავლენა აქვს თქვენზე?

ეგეთი ინსტიტუტი არ არსებობს, კიდევ ვიმეორებ, შეიძლება განხილვის და რეკომენდაციების დონეზე გაგვევლოს ვინმესთან, მაგრამ როგორც ასეთი ზეწოლები და ეგეთი რამეები არ ყოფილა.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად საჭიროა გუბერნიის ინსტიტუტის არსებობა? რომ ჩამოგვითვალოთ საკითხები, რომლებიც მისი დახმარებით მოგიგვარებიათ?

იცით, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ პრემიერთან და როდესაც იყო მნიშვნელოვანი საკითხები, ისინი თამაშობდნენ შუამავლის როლს. ხშირად ვაკეთებდით და ვწყვეტდით საკითხებს. ყოფილა შემთხვევები, რომ არც ჩვენ და არც გუბერნატორს არ გამოგვსვლია.

გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია?

მათ აქვთ უშუალო კომუნიკაცია სახელმწიფოს პირველ პირებთან და ვფქირობ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი. მომავალში როგორ იქნება, არ ვიცი.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ საკადრო ცვლილებები ადგილობრივ ხელისუფლებაში და შემდეგ პირდაპირი ბმა გაკეთდა ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის რეკომენდატორობასთან ამ კადრების შერჩევის პროცესში. რატომ ჰქონდა მის რეკომენდაციას ამხელა წონა და გავლენა, რომ მოადგილეებს მისი რეკომენდაციით ნიშნავდით?

რაც შეეხება ჩემი მოადგილეების დანიშვნას, მე მათ მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან და ჩვენ ერთობლივი განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ის ორი პიროვნება, ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი უნდა დანიშნულიყვნენ მაშინ ჩემს მოადგილეებად.

თუ ორივე მათგანს იცნობდით, რატომ იყო გუბერნატორთან საჭირო ამ საკითხზე თუნდაც საკონსულტაციო მსჯელობა?

ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით. ერთად გავდიოდით საკითხებს, ვინ სად აჯობებდა, რომ საქმე არ გაფუჭებულიყო, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ხოჯევანიშვლის ნათქვამი, რომ თითქოს მარტო როგორც ის იტყოდა, ისე უნდა ყოფილიყო, არა, ეს ასე არ იყო.

უფლებამოსილების ამოწურვამდე 3 თვე გრჩებათ. ისევ გაქვთ მერობის სურვილი და სად წარმოგიდგენიათ თავი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?

ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები არჩევნების შემდეგ. სადაც პარტია გადაწყვეტს, იქ ვიქნები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გვანცა დოლუაშვილი

გვანცა არის "მოზაიკას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი.