გორის ეპარქია საკრებულოს წევრს, სიცრუეში ადანაშაულებს. საქმე ეხება ირმა ამბარდნიშვილის განცხადებას, გორელი მწერლის, ზაურ წაქაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით. რადიო “მოზაიკა” შეეცადა იმის გარკვევას, თუ ვის და რის მიხედვით კრძალავენ ეკლესიის სიახლოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ირმაამბარდნიშვილი აცხადებდა, რომ გორის “პანთეონში” მხოლოდ ის ხალხი იკრძალება, ვინც ეკლესიას ფულს სწირავდა, რაც გორელი სასულიერო პირების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და ეპარქიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
“2016 წელს მოხდა ეკლესიის შემოსაზღვრა ღობით, მის მიღმა არსებულ ე.წ. პანთეონის ტერიტორიზე, რომელიც არ არის ეკლესიის ტერიტორიაზე, დაკრძალვის გადაწყვეტილებას არ იღებს არც გორის ეპარქია და არც მისი მმართველი, მეუფე ანდრია”, – განმარტავს კვერნაკის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა კარელიძე.
ტაძრის მშენებლობა კვერნაკის სასაფლაოსთან 1995 წლიდან დაიწყო, რა დროსაც განისაზღვრა საჭირო ტერიტორია ეკლესიისთვის და მისი ეზოსთვის. აქ დაკრძალეს ტაძრის პირველი წინამძღვარი დეკანოზი კირილე და დეკანოზი არსენი. შემდგომ პერიოდში, ეკლესიის ეზოში იკრძალებოდნენ სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები იყვნენ ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
ირმა ამბარდნიშვილი ამტკიცებს, რომ ამ დრომდე ეკლესიასთან ახლოს არსებულ სასაფლაოზე მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს ასაფლავებენ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხს ეკლესია გორის მერიასთან ერთად წყვეტს. ამის დასტურად მას საკუთარი ახლობლის გამოცდილება მოჰყავს.
“ჩემი ახლობლის დაკრძალვაზე იყო საუბარი და სურდათ პანთეონში დაკრძალვა. აღმოჩნდა, რომ შევსებულია და ადგილი აღარ იყო. მერე მეუფეს სთხოვეს და მისგან მიიღეს პასუხი, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემომწირველები იკრძალებიანო. მერთანაც ჰქონდათ სატლეფონო კომუნიკაცია და მეუფესთანაც”, – ამბობს ამბარდნიშვილი.
რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ის ისეთ შემთხვევებსაც იხსენებს, რომლებითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ აღნიშნულ სასფლაოზე გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის ნებართვას გავლენების მიხედვით გასცემენ.
“საკრებულოს თავმჯდომარის, დათო რაზმაძის დედა, რომ არანაირი საზოგადო მოღვაწე არ იყო და იქ დაკრძალეს უპრობლემოდ რამდენიმე წლის წინ, ფაქტია. საკრებულოს 1/5 -ის თანხმობით უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები იქ დამარხულები. ყანჩაველი, სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა, მანდ დაკრძალეს. მერე ითქვა, რომ შემომწირველი იყოო, ეპარქიას სამშენებლო მასალებით ეხმარებოდაო”, – გვიყვება საკრებულოს წევრი.
საკრებულოს თავმჯდომარე არ უარყოფს, რომ დედა 2017 წლის არჩევნებამდე ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე დაკრძალა. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის რაიმე ოფიციალური ნებართვის მიღება არ დასჭირვებია.
“დედაჩემი 2017 წელს გარდაიცვალა, იმ პერიოდში მოინახებოდა ადგილი და იქ დავკრძალეთ. ახლა, როგორც ვიცი ამის საშუალება ახლა აღარ არის. მსახიობი, რომ იყო ქუთათელაძე, ისიც იქაა დაკრძალული”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” დავით რაზმაძემ.
გორში პანთეონი აღარ არსებობს, – ასე პასუხობს აღნიშნულ საკითხს მუნიციპალიტეტის მერი.
კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, 2004 წლის შემდეგ კვერნაკის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალვასთან დაკავშირებით აღარანაირი ნებართვები აღარ გაიცემა და ბოლო წლებში იქ იკრძალებიან, როგორც ეკლესიასთან დაკავშირებული პირები, ისე სხვა გარდაცვლილებიც.
“ეკლესიას აქვს თავისი ტერიტორია შემოსაზღვრული, სადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ვის დაკრძალავენ და ვის არა, მაგრამ ამ ღობის მიღმა არსებული ე.წ. პანთეონი გაუქმებულია და იქ დაკრძალვის ნებართვას ვერც ეკლესია და ვერც მერია გასცემს, რადგან პანთეონი აღარ არსებობს”, – ამბობს გორის მერი.
კონსტანტინე თავზარაშვილს ადგილობრივ ხელისუფლებაში მუშაობა იმ პერიოდშიც მოუწია, როდესაც ე.წ. პანთეონში დაკრძალასთან დაკავშირებით ნებართვები არსებობდა და რომელიც მალევე გაუქმდა.
“2002 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რომ გორში პაატა ჩხეიძემ გაიმარჯვა, მან გადაწყვიტა გორში პანთეონის არსებობა. ერთ წელიწადში მან დატოვა თანამდებობა და მის მოვალეობას მე ვასრულებდი. იმ პერიოდში ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა ოჯახების მხრიდან, რომ გარდაცვლილის დაკრძალვა ამ პანთეონის ტერიტორიაზე სურდათ. ვერ განვსაზღვრეთ, ვინ უნდა დასაფლავებულიყო იქ და მივიღეთ გადაწყვეტიულება, რომ ყველა დასაფლავებულიყო იქ, ვის ოჯახსაც ამის სურვილი ექნებოდა. ამ პროცესმა ბუნებრივია გააუქმა პანთეონის არსებობს. დღეს უკვე იქ ადგილი აღარ არის და ვეღარავინ დასაფლავდება”, – აცხადებს თავზარაშვილი.
ინფორმაციისთვის, გარდაცვლილი გორელი მწერლის ოჯახმა გორის პანთეონში ზაურ წაქაძის დაკრძალვის შესახებ გორის ეპარქიას მიმართა, რაზეც 2021 წლის ივნისში უპასუხეს, რომ პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილებას გორის ეპარქია არ იღებს, ეკლესიის ეზოში კი, სასულიერო პირები და ეკლესიასთან დაკავშირებულ ადამიანებს კრძალავენ.