გორში, სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იცრებიან.
იმუნიზაციის პროცესი სინოფარმის და სინოვაკის დოზებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას შემდეგ ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 3 სპეციალურად გადამზადებული ბრიგადა, რომელსაც ჰოსპიტალში კიდევ ერთი ბრიგადა დაემატება.
გორის სამხედრო ჰოსპიტალს დღეში 300-მდე მოქალაქის აცრა შეუძლია. ამ დროისთვის თავდაცვის ძალების 17%-ია ვაქცინირებული.
“ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები ინფორმირებულები არიან. აღნიშნული ვაქცინაციის ჩატარება თანმიმდევრულად ხდება როგორც სამხედრო მოსამსახურეებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე”, – აღნიშნა პირველი ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, ირაკლი კალანდაძემ.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით 317 537 ადამიანია აცრილი.