2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ბექა ქორჩილავა იქნება. ქორჩილავა მოქმედი საკრებულოს წევრი და ფრაქციის “ძლიერი გორი” წევრია.
ოპოზიციური პარტიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის, ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, სიაში 20 ადამიანს შეიყვანენ და ყოველი მომდევნო განსხვავებული სქესის იქნება.
“გიდასტურებთ, რომ ჩვენი სიის პირველი ნომერი და გორის საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი გორის ორგანიზაციის აქტიური წევრი და ახალი სახე ბექა ქორჩილავა იქნება. ჩვენ გვექნება სია 20 ადამიანის შედგენლობით, გამოცდილი და ახალი სახეებითაც. ასევე ყოველი მომდევნო სიაში იქნება ქალი”, – აღნიშნა ბასიშვილმა.
საარჩევნო სიისა და მერობის კანდიდატის შესახებ, პარტია ინფორმაციის გავრცელებას აგვისტოს შუა რიცხვებამდე გეგმავს. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით გორის მერობის კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილი გამგებლის, ვასილ მახარაშვილისა და საკრებულოს ყოფილი თავმდჯომარის, ზვიად ხმალაძის კანდიდატურებს განიხილავს.
“გვექნება ძალიან მალე შიდა ქართლის რეგიონში ჩვენი გუნდის წარდგენის პრეზენტაცია და ყველა ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ხალხს მიტაცებული ხელისუფლება, ასევე ქვეყანაში დავამარცხოთ კორუფცია და სიღარიბე”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ბასიშვილმა.