„სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამაში გორის მერიამ ცვლილებები შეიტანა – დაიწია ასაკობრივმა ზღვარმა და გაფართოვდა დასაფინანსებელი პროექტების მიმართულებებიც.
პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შესახებ, გორის მერია მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვას გეგმავს.
უწყების ინფორმაციით, ამ თემაზე სასაუბროს გორის მუნიციპალიტეტის მერი უკვე შეხვდა გორის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს.
„2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. გასული წლებისგან განსხვავებით გვაქვს სიახლეებიც. 2022 წელს პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დაფინანსდება კულტურული, სოციალური, სპორტული, ახალგაზრდული და ა. შ. პროექტებიც”, – აღნიშნა გორის მერმა
მისივე თქმით, დაიწია ასაკობრივმა შეზღუდვამაც – 2022 წლის პროგრამის ფარგლებში იდეების წარმოდგენას მოქალაქეები 16 წლიდან შეძლებენ
პროგრამის ფარლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.
- „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ – ის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1-7zgj9cFWqhWi6uhY5i…/view…
- საინფორმაციო შეხვედრები გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1dp8WYQuTyYklWXDc9Ri…/view…
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2020 წლებში 156 პროექტი განხორციელდა. 2021 წელს კი, 44 პროექტის განხორციელება იგეგმება.