“უსამართლობის შეგრძნებამ მომიყვანა ამ პროფესიამდე”, “რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, უსუსურობის განცდას მიჩენს”, “ეს ყველაფერი საზიანოა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის”, – ასე ეხმაურებიან განვითარებულ მოვლენებს გორელი სტუდენტები, რომლებმაც პროფესიად ჟურნალისტობა აირჩიეს.
ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაზე. განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კი, ამბობენ, რომ ძალადობა და მედიაზე ზეწოლა სწორედ ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.
ანა რაზმაძე, გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტი
“დღეს, ყველაზე მეტად ჟურნალისტები ცდილობენ დაამარცხონ ჩვენს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა. აღმაშფოთა, გული დამწყვიტა და უდიდესი დაუცველობის გრძნობა დამიტოვა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა. ჟურნალისტს, რომელიც ემსახურება ქვეყნის მოქალაქეებს, რათა მიიღონ ინფორმაცია, ვიღაც ცემით კლავს ან უბრალოდ უხეშად ეხება. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, იმდენად მძიმეა ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი. უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი და არავის აქვს უფლება შეეხოს პირველ რიგში სხვის შვილს, შემდეგ კი ჟურნალისტს, რომელიც პირნათლად ემსახურება ხალხს. სირცხვილია, როცა ოცდამეერთე საუკუნეში დედა მთხოვს პროფესიის შეცვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომკლან”.
ელისო მერებაშვილი, გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტი
“მე, როგორც მომავალ ჟურნალისტს, მიჩნდება უსუსურობის განცდა. შემიძლია, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს რეჟიმი მართმევს კანონით მონიჭებულ უფლებას, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, მართმევს სამუშაო გარემოს და სიცოცხლის ფასად მომიწევს ალბათ მართალი სიტყვის გამოხატვა. არ შეიძლება გამართლებული იყოს მედიაზე ძალადობა, რადგან მედია წარმოადგენს ამ ქვეყნის უდიდეს ძალას. დღეს თუ მოვითმენთ ამ უსამართლობას, ხვალ ჩვენ დაგვხოცავენ ქუჩაში და ზეგ ჩვენს შვილებს მიადგებიან. ვერანაირი “ფულზე გაყიდული ვაჟკაცებით” ვერ გააჩუმებენ თავისუფალ მედიას. ყოველი მათი ძალადობრივი ნაბიჯი აჩვენებს, იმას თუ როგორ ეშინია ამ სისხლიან სისტემას თავისუფალი სიტყვის და სამართლის აღსრულების”.
თემო კერესელიძე, თსუ-ს ჟურნალისტიკის სტუდენტი
“მედიას, რომელიც ომშიც კი ხელშეუხებელია, ჩვენი საზოგადოება ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ მიკროფონით და კამერით საკუთარ საქმიანობას ასრულებდა. კიდევ უფრო გულსატკენია, როდესაც ხედავ, რომ ამ ძალადობის უკან დგანან “სასულიერო პირები” და ხელისუფლება. ისინი, ფაქტობრივად, მწვანე შუქს უნთებენ საკუთარი მოქალაქეების, მედიის წარმომადგენლების დასახიჩრებას. დაუცველობის შეგრძნება ორმაგდება, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაიცვას მოქალაქეები. მე ამ ქვეყნის ახალგაზრდობას წარმოვადგენ. იმ ახალგაზრდობას, რომელიც ახლა საკუთარი თავის განვითარებაზე, იდეებსა და განათლებაზე უნდა ხარჯავდეს დროს, ამის სანაცვლოდ კი ვდგავართ რუსთაველზე და ვითხოვთ იმას, რაც ნორმალურ ქვეყანაში ისედაც უნდა არსებობდეს.”
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის წარმომადეგნლებზე იძალადეს. დაშავდა 50-ზე მეტი რეპორტიორი. ერთ-ერთი მათგანი, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მომხდარის გამო, აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც. აქციებზე მედიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯა, მათ შორის თანამდებობის იმ პირებისაც, ვინც საკუთარი განცხადებებით ან არაეფექტური მუშაობით ძალადობა წაახალისა.