“დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა” , – ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიმდინარე მოვლენებს.
“შემაშფოთებელია ის განცხადებები, რომლებსაც მთავრობის წარმომადგენლები აკეთებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რამდენიმე დღის წინაც გავრცელდა განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრმა და შსს-ს მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები, ვინაიდან ეს არის პოლიტიკური ფასი, რომელიც განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უნდა გადაიხადონ მათ. მოწოდება არის ჩვენი მხრიდან, რომ ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მიუხედავად მათი სტატუსისა, უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით” , – აცხადებს ბებიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა მედიის წარმომადეგნლებზე იძალადეს. დაშავდა 50-ზე მეტი რეპორტიორი. ერთ-ერთი მათგანი, TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მედიის წარმომადეგნლები ფიქრობენ, რომ მომხდარ ფაქტზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დასაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი. ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მინისტრთა კაბინეტის ყველა იმ წევრის, მათ შორის პრემიერ მინისტრის მიმართაც, რადგან საკუთარი განცხადებებით ან არაეფექტური მუშაობით ძალადობა წაახალისეს.