ახალი ამბები

მეჯვრისხევში, სახელმწიფო პროგრამით გაშენებულ ხეხილის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტებით გაშენებულ ბაღში წელს პირველ მოსავალს ელოდებიან. სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ამ სოფლის მკვიდრმა, თამაზ ზუმბულიძემ ახალი ხეხილის ბაღი 2019 წელს გააშენა. ფერმერმა 6 ჰექტარზე ვაშლის, ქლიავისა და მსხლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 36 000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 15 000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

სახელმწიფო პროგრამით “დანერგე მომავალი” გაშენებული ხეხილის ბაღი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მოინახულა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, აბელ აბესაძესთან ერთად ჩავიდა.

სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით მიწის ნაკვეთების ათვისება, რაც, ჯამში, 500 000 ჰექტარს გადააჭარბებს. ქვეყანაში მზარდი აგრარული წარმოება ეტაპობრივად იძლევა როგორც იმპორტჩანაცვლების საშულებას, ასევე, ექსპორტის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას”, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები