გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მიმდინარე საირიგაციო სეზონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისათვის კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
“განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საირიგაციო სეზონზე წყალმომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. მოგეხსენებათ, არის ირიგაციის სეზონი, არის სიცხე, შესაბამისად, წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სარწყავი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხების განხილვა. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უახლოეს დღეებში განხორციელდება”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საირიგაციო წყლით სოფლების მომარაგების საკითხზე 2 წლის წინ შეთანხმდნენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა თანმხლები პრობლემების განხილვას დაეთმო.
“ეს შეთანხმება მოქმედებს და რა თქმა უნდა, ძალაშია, თუმცა პერიოდულად, განსაკუთრებით, როდესაც არის ცხელი დღეები, მდინარეში წყლის დონეს ახასიათებს გარკვეული ფლუქტუაცია, რა დროსაც, სოფლებს წყალი შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება. სწორედ ამისთვის შევიკრიბეთ დღეს, რომ განგვეხილა საკითხები ამ პრობლემის გადასაჭრელად და მინიმუმამდე დასაყვანად“, – წერია სუსის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხსაც. ამასთან ერთად, მომავალ სამშაბათს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხიც იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა.
37სპარტაკი პოლეიანი და 36 სხვა1 გაზიარებამომწონსკომენტარიგაზიარება