ადამიანები ისტორიები

მოყვარული ფოტოგრაფი – ანი ბირთველიშვილი

ანი ბირთველიშვილი ახალგაზრდა ფოტოგრაფია. საკუთარ თავს მოყვარულს ეძახის და ამბობს, რომ ფოტოგრაფიით ბუნების სიყვარულმა დააინტერესა. მის ფოტოებშიც ძირითადად ლაშრობისას გადაღებული ხედები ჭარბობს.

„ერთ დღეს ავიღე ფოტოაპარატი და დავიწყე ჩემთვის საინტერესო ნივთების, მოვლენების და ფაქტების გადაღება. დავიწყე ჩემი სოფლის უცნობი ადგილების კადრზე აღბეჭდვა, ბევრს დავდივარ ატენის ხეობაში, ვკითხულობ ისტორიულ წყაროებს, ვეცნობი მათ შესახებ ლეგენდებს, ისტორიებს და მერე ვცდილობ ის ადგილი თავად ვნახო და ფოტოზე გადავიტანო”, – გვიყვება ანი.

ის ატენში დაიბადა და ამიტომაცაა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ტანას ხეობას უთმობს. ხშირად ისეთ ადგილებსაც სტუმრობს, რომლებიც არათუ ტურისტებისთვის, ადგილობრივებისთვისაც უცნობია.

“იქიდან გამომდინარე რომ ბევრ მათგანს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე და უმეტესობაც უცნობია საზოგადოებისათვის, ვცდილობ ფოტოებით მაინც გავაცოცხლო ის ისტორია, რასაც ტანას ხეობა ინახავს“, – ამბობს ანი ბირთველიშვილი.

ახალგაზრდა ფოტოგრაფი იმ ემოციებსაც გვიზიარებს, რომელიც გადაღების დაგეგმვას, ინფორმაციების მოძიებას, სასურველი ადგილის მიგნებას და შემდეგ უკვე გადაღებული ფოტოების თვალიერებას ახლავს თან.

„.საინტერესოა ის გზა რომელიც უნდა გავირო რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდე. ამ წამოწყებამ ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო. სასიამოვნოა, როდესაც ხალხი გწერს, მადლობას გიხდის იმ ადგილები გახსენებისათვის, რომლებიც ლამაზ მოგონებებს ინახავს მათთვის. სასიამოვნოდ დამღლელია ახალი ადგილების აღმოსაჩენად წასული, ბოლო ენერგიის ფონზე დანიშნულ ადგილამდე რომ მიაღწევ და უკან უამრავი ფოტომასალით ბრუნდები. მათგან საუკეთესოებს არჩევ და სოფელში მცხოვრებ ხალხს ამ მოგზაურობაზე ჰყვები”.

ანი ძირითადად პეიზაჟებს იღებს. საკუთარ ნამუშევრებს ამ ეტაპზე არ ჰყიდის.

„აქედან შემოსავალს არ ვიღებ, თუმცა კომპანიები მთხოვენ ხოლმე პიარისთვის თემატურ ფოტოებს და მეც უსასყიდლოდ ვაძლევ უფლებას, რომ გამოიყენონ. უპირატესობას მაინც ბუნების ამსახველ კადრებს ვანჭებ. თანაც, იქიდან გამომდინარე, რომ საკამოდ ბევრს დავდივარ ახალი ადგილების აღმოსაჩენად, ხშირია განსხვავებული და ორიგინალური კადრები“.


სამომავლოდ ანი ატენის ხეობაში ტურის მოწყობას გეგმავს, რომელსაც შემეცნებითი დატვირთვა ექნება.

“მინდა, მოვაწყო ტური ატენის ხეობაში, რომელიც იქნება არა მხოლოდ გასართობი, არამედ – შემეცნებითიც. მოვინახულებთ მნიშვნელოვან ადგილებს, ატენში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ ტურისტს დააინტერესებს, ეს ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და ასევე ამ სოფლის პოპულარიზაციას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.