ადამიანები ისტორიები

ყველაფერს ვძენ ახალ სიცოცხლეს – ნატო ქორიძის დეკორაციები

პანდემიის პერიოდში, ნატო ქორიძე ეზოს დეკორაციების შექმნით დაინტერესდა. ის სოფელ კარალეთში ცხოვრობს და საკუთარი ეზოს გახალისება პანდემიის პირველ თვეებში დაიწყო.

მან ძველი ნივთები, საბურავები, ქვები შეაგროვა და  ცხოველების გამოსახულებები შექმნა.

“როდესაც კოვიდის გამო სახლში დაჯდომა მომიწია, მაშინ დავიწყე ეს საქმე.  საკუთარი თავის და შვილიშვილების გასახალისებლად, ეზოს მორთვა და გალამაზება დავიწყე, ვქმნი საბურავებით სხვადასხვა გამოსახულებებს. ეზოში ავაშენე აუზი, სადაც კი პატარა ქვას ვნახულობდი, სახლში მომქონდა ხოლმე და ვაგროვებდი, რომ ეს სილამაზე შემექმნა“, – გვიყვება ნატო.

ნატო საბავშვო ბაღში ცეკვის მასწავლებლად მუშაობს და საბავშვო დეკორაციებს მანამდეც აკეთებდა.

„ყოველთვის ჩართული ვიყავი ღონისძიებების დაგეგმვაში, საკუთარი ხელით ვქმნიდი დეკორაციებს. მაგის გარდა, ხელნაკეთ ნივთებსაც ვამზადებდი. ძირითადად, თმის სამაგრებს ვაკეთებდი ხოლმე ჩემი შვილებისთვის. ყოველთვის მიყვარდა სადღესასწაულო სამოსის შექმნა”.

ნატო იხსნებეს, როგორ შეუკერა საკუთარ შვილს სამოსი სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის.

“იმ პერიოდში ჭირდა ცხოვრება, ამიტომ გადავწყვიტე, თავად შემექმნა საღამოს კაბა. დღემდე მახსოვს და მიყვარს ეს სამოსი, რომელიც ჩემს შვილს, მისი ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს ეცვა. არ არსებობს ჩემთვის უსარგებლო და გამოუსადეგარი ნივთი, ყველაფერს ვძენ ახალ სიცოცხლეს”.

ნატო სუვენირებს ძირითადად მეგობრებისთვის ქმნის, თუმცა მარტის თვეში მისი ნამუშევრები გაიყიდა კიდეც.

“ვქმნი სხვადასხვა სუვენირებს ხის მასალით, ყვავილებს სოკოებს, ზღარბებს. ნივთებს, რომლებსაც ვამზადებ, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ვჩუქნი ხოლმე, ბოლო დროს ძალიან ბევრი დამიგროვდა, განა რამდენს გავაჩუქებდი, ამიტომ მაღაზიაში დავალაგე და მარტის დღესასწაულებზე ყველა გამეყიდა”.

ნატო ეზოს მოწყობას მეგობრები, მეზობლები და ახლობლებიც სთხოვენ. საკუთარი ინიციატივით, მან ბავშვებს სოფელში სკვერიც მოუწყო, სადაც ძველი ავტომობილის საბურავებით სხვადახვა ცხოველის და ფრინველის გამოსახულებები შექმნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.