ადამიანები ისტორიები

სამი ანა გორის ისტორიიდან – მწერალი, იღუმენია და პარლამენტარი

საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობა არსებობს, რომ  ქალებმა თავისი მოღვაწეობით შეძლეს და ისტორიაში წარმატებულ ადამიანებად ჩაიწერნენ. ამ მხრივ  გამორჩეულნი გორში დაბადებული ქალებიც არიან, რომლებმაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ისე იშრომეს, რომ არამარტო საქართველოში, არამედ  მსოფლიოში გაითქვეს სახელი.

ანა ამილახვარი

ანა დაიბადა ქ. გორში 1815 წელს, მშობლები ადრე გარდაეცვალა, ამიტომ მასზე მეურვეობა მამიდამ აიღო. მონასტრისადმე ინტერესი სწორედ მამიდამ გაუჩინა, რომელიც მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ანა ამილახვარი მაშინ  მივიდა მონასტერში, როდესაც იმ დროინდელ საქართველოში თითქმის ყველა ეკლესია დახურული იყო. ის ნინოს სახელით აღიკვეცა და მონასტრის წინამძღვარიც გახდა.  გამორჩეული იყო ყველასთვის მისი წინამძღოლობა, ორმოცი წლის განმავლობაში შემოწირულობებით აღადგინა, მოაწესრიგა და საჭირო ნივთებით აღჭურვა მონასტერი. მან შეძლო იმდენი, რომ სამთავრო საქართველოს დედა-მონასტრად ექცია. იღუმენია ნინო (ანა) ამილახვრის მოღვაწეობა მონასსტრის ისტორიაში ,,ოქროს ხანად’’ არის მიჩნეული.

ანა სოლოღაშვილი

ანა დაიბადა 1882 წელს მეჯვრისხევში ის იყო პირველი ქალი, რომელმაც კონსტიტუციის დამტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ანა სოლოღაშვილი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობებში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1 წლის შემდეგ ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის ბრალდებით დასაჯეს უმაკლესი სააღსრულებლო ფორმით, 1937 წელს ანა სოლოღაშვილი დახვრიტეს.

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ანასტასია დაიბადა 1868 წელს გორში. ანასტასია იყო პირველი ქართველი მწერალი ქალი, რომელმაც ქალების პრობლემებზე ყურადღება გაამახვილა. მის მიერ დაწერილი ნოველები აღწერდნენ მაშინდელი დროის ქართველი აზნაური ქალის მდგომარეობას. ის განსაკუთრებულ აქცენტს ამახვილებდა თავისუფალ შრომასა და გულწრფელ სიყვარულზე. სწორედ ანას თაოსნობით ჩამოყალიბდა პირველი ქალთა ორგანიზაცია ,,მანდილოსანი’’. ანა ერისთავი-ხოშტარია იყო ქალი რომელიც ცდილობდა წარმოეჩინა და გაეძლიერებინა ქალის როლი საზოგადოებაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.