შენობა, რომელსაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იცნობენ, 1987 წლის 20 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. მაშინ მას გორის ბამბეულის ქსოვილების საფეიქრო – სამკერვალო საწარმოო გაერთიანების კულტურისა და ტექნიკის სასახლე ერქვა.
შენობის ისტორიაზე რადიო „მოზაიკას“ რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა. ის მაშინ სასახლის ხელმძღვანელი იყო.
„მშენებლობის ინიციატორი გორის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი დავით ჩუბინიშვილი იყო. შენობის არქიტექტურა ბიძინა სუმბაძეს ეკუთვნის”.
გახსნა საზეიმო კონცერტით აღნიშნეს, რომელშიც თამარ ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, მამაკაცთა გუნდი „გორი“ და გორის ქალთა კამერული გუნდიც მონაწილეობდა.
„ცენტრში ჩამოყალიბდა ბავშვთა ვოკალურ – ინსტრუმენტალური ანსამბლი „ცისარტყელა“, ასევე ვაჟთა ვოკალური კვარტეტი “რეტრო“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი. ასევე დაარსდა თოჯინების თეატრიც”, – იხსენებს რობერტი.
შიდა ქართლის კულტურის ბაზაზე გაიხსნა ხმის ჩამწერი სტუდია და საესტრადო სიმღერის შემსწავლელი წრე, მხატვრული კითხვის და ბვშვთა თეატრის წრეს საქართველოს დამსახურებული არტისტი ოთარ ქუთათელაძე უძღვებოდა.
„იმ პერიოდში ბავშვთა თეატრში 20 სხვადასხვა სახის სპექტაკლი შეიქმნა და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატობის წოდებაც მოიპოვა.“
კულტურის ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო ხატვის, კოსმეტიკის შემსწავლელი, ქარგვის, ჭრა-კერვის მანქანაზე ბეჭვდის, მათემატიკის, რუსული, უცხო ენის წრეებმა.
„გაიხსნა და ამუშავდა ქალაქში იმ დროისთვის პირველი ვიდეო დარბაზი, სადაც ფილმების ჩვენება მიდიოდა. კულტურისა და ტექნიკის სასახლეს, სახელი შეეცვალა და კულტურის და ტურიზმის ცენტრი ეწოდა, რომელსაც დავით ჩუბინიშვილის სახელი მიენიჭა.“
რობერტ მაღლაკელიძის უშუალო ინიციატივით, მისივე შედგენილი სცენარების მიხედვით, ჩატარდა და იმ დროისთვის ტრადიციად დამკვიდრდა შემდეგი ღონისძიებები, – ნაძვის ხის ზეიმი, დელფიადები, შემოქმედებითი საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, ცნობილი სპოეტსმენების, მსახიობების საიუბილეო საღამოები.
„კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდებოდა, პატრიარქ ილია II ის ლოცვა კურთხევით და მონაწილეობით რუის ურბნისის კრების 900 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გაიმართა, უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრს. ინდოეთის, ბულგარეთის, თურქეთის ცნობილ ფოკლორულ ანსამბლებს და ინდივიდუალურ შემსრულებლებს, ქართველ ესტრადის მომღერლებს.“
დაარსებიდან 30 წლის შემდეგ, შენობა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სარგებლობაშია.